რა არის Threads-ი — პასუხი ყველა კითხვაზე Meta-ს ახალი პლატფორმის შესახებ
რა არის Threads-ი — პასუხი ყველა კითხვაზე Meta-ს ახალი პლატფორმის შესახებ

ჩვენ წინაშეა Threads-ი, ტექსტზე დაფუძნებული აპლიკაცია, რომელიც Meta-მ Twitter-ის კონკურენტად შექმნა.

აპლიკაცია პოზიციონირებს, როგორც Meta-ს ფოტოების გაზიარების პლატფორმის, Instagram-ის ტექსტური ვერსია. პლატფორმა 5 ივლისს გაეშვა ასზე მეტ ქვეყანაში — მათ შორის, აშშ-ში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში, კანადაში, იაპონიასა და საქართველოშიც. Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარც ცუკერბერგის განცხადებით, 7 ივლისისთვის აპლიკაციაში უკვე 50 მილიონი მომხმარებელი დარეგისტრირდა.

პლატფორმაზე დარეგისტრირდნენ ცნობილი ადამიანებიც, მათ შორის, ოფრა უინფრი, შაკირა და ა. შ. გამოჩნდა კორპორატიული ანგარიშებიც — Netflix-ი, Spotify, Washington Post-ი და სხვა მედიასაშუალებები.

Meta-ს განცხადებით, Threads-ი უზრუნველყოფს „ახალ, განცალკევებულ სივრცეს რეალურ დროში განახლებებისა და საზოგადოებრივი საუბრებისთვის. ის ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა მრავალი ადამიანი Twitter-ის ალტერნატივას ეძებს მას შემდეგ, რაც პლატფორმა შარშან ილონ მასკმა შეიძინა. თუმცა, Meta-ს ახალმა აპლიკაციამ გააჩინა შეშფოთება მონაცემთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით, რის გამოც ის ევროკავშირის ქვეყნებში ჯერ ხელმისაწვდომი არ არის.

სტატიაში მოგიყვებით ყველაფერს, რაც Threads-ის შესახებ უნდა იცოდეთ.

როგორ შემიძლია გამოვიყენო?

Threads-ი გადმოსაწერად ხელმისაწვდომია ასზე მეტ ქვეყანაში, როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებელთათვის.

Threads-ი Instagram-ის გუნდმა შექმნა. ამიტომ არის, რომ Instagram-ის მომხმარებლებს ახალ აპლიკაციაში შესვლა იმავე ანგარიშით შეუძლიათ. შეუცვლელად გადავა თქვენი მომხმარებლის სახელი და ვერიფიცირების სტატუსი, მაგრამ ასევე შეგიძლიათ, პროფილის ეს ველები თქვენი სურვილისამებრ შეცვალოთ; მათ შორის, ისიც, გამოიწეროთ თუ არა იგივე ხალხი, ვინც Instagram-ზე გყავთ გამოწერილი.

ვინაიდან Threads-ი და Instagram-ი ერთმანეთთან ასე მჭიდროდ არის დაკავშირებული, მნიშვნელოვანია, რომ სიფრთხილით მოეკიდოთ ანგარიშის წაშლას. Threads-ის დამატებითი კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით, ანგარიშის დეაქტივაცია ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მაგრამ წაშლა მხოლოდ Instagram-ის ანგარიშის წაშლით იქნება შესაძლებელი.

შემიძლია თუ არა Threads-ის გამოყენება, თუ Instagram-ის ანგარიში არ მაქვს?

ამ ეტაპზე, Threads-ის ანგარიშის შექმნა მხოლოდ Instagram-ის მომხმარებლებს შეუძლიათ. თუკი Threads-ზე შესვლა გსურთ, ჯერ Instagram-ზე უნდა შეხვიდეთ.

ექსპერტთა განცხადებით, ასეთ ტაქტიკას შეიძლება გარკვეული უარყოფითი მხარე ჰქონდეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, Meta-ს მხრიდან ჭკვიანური სვლაა, რომ Threads-ი Instagram-ის დამატებად შექმნა.

რამდენად ჰგავს Threads-ი Twitter-ს?

Threads-ი მიკრობლოგია, რითიც ძალიან ჰგავს Twitter-ს. მაგალითად, მომხმარებლებს შეუძლიათ რეპოსტი, thread-ზე შეპასუხება ან ციტირება; ასევე, შეუძლიათ ნახონ პოსტის მიერ მიღებული მოწონებებისა და შეპასუხებების რაოდენობა. პოსტი, მაქსიმუმ, 500 სიმბოლოს უნდა შეიცავდეს (Twitter-ის მაქსიმუმი 280 სიმბოლოა) და მათ შორის შეიძლება იყოს ბმულები, ფოტოები და ხუთ წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოები.

ცუკერბერგის განცხადებით, აპლიკაციის „მეგობრულ სივრცედ“ გადაქცევა წარმატების გასაღები იქნება და იქვე დასძენს, რომ სწორედ ეს იყო „ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც Twitter-მა ვერასოდეს მიაღწია ისეთ წარმატებას, როგორიც, ჩემი აზრით, უნდა იყოს, ჩვენ სხვა გზით გვსურს წასვლა“.

ეძებს თუ არა Twitter-ი სამართლებრივ გზას Meta-ს წინააღმდეგ?

ახალი ამბების პლატფორმის, Semafor-ის ცნობით, Threads-ის გამო Twitter-ი Meta-ს სამართლებრივი მოქმედებით დაემუქრა. გამოცემას ხელში ჩაუვარდა წერილი, რომელიც Twitter-ის ადვოკატმა, ალექს სპირომ Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს გაუგზავნა. წერილში ადვოკატი Meta-ს ადანაშაულებს, რომ, Twitter-ის ყოფილი თანამშრომლების დაქირავებით, მათ Twitter-ის კომერციული საიდუმლოები და სხვა ინტელექტუალური საკუთრება უკანონოდ გამოიყენეს copycat (ასლი) აპლიკაციის შესაქმნელად.

სპიროს წერილს გამოეხმაურა Meta-ს პრესსპიკერი ენდი სტოუნი, რომელმაც დაწერა, რომ „Threads-ის ინჟინერთა გუნდში არავინ არის Twitter-ის ყოფილი თანამშრომელი“.

მომხდარა თუ არა ასეთი რამ აქამდე?

Meta-ს ახალი აპლიკაციის მსგავსებები მიუთითებს, რომ კომპანია პირდაპირ Twitter-ის გამოწვევაზე მუშაობს. ამ უკანასკნელში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებების გამო მრავალი მომხმარებელი Twitter-ის ალტერნატივებს ეძებს.

Threads-ი Twitter-ის უახლესი კონკურენტია; წარსულში ასეთებად თვლიდნენ Bluesky-ს, Mastodon-სა და Spill-ს.

როგორ რეგულირდება Threads-ის კონტენტი?

Meta-ს ცნობით, Threads-ი უსაფრთხოების იმავე ზომებს გამოიყენებს, რასაც უკვე იყენებს Instagram-ი. პოლიტიკა იგივე იქნება COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ კონსპირაციული თეორიების გავრცელებასთან მიმართებაშიც.

რა არის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული შეშფოთების მიზეზი?

Threads-ი ფართო სპექტრის პერსონალურ ინფორმაციას მოაგროვებს — მათ შორის, არის ჯანმრთელობა, ფინანსები, კონტაქტები, ბრაუზინგისა და ძებნის ისტორია, ადგილმდებარეობის მონაცემები, შესყიდვები და „სენსიტიური ინფორმაცია“; ყოველ შემთხვევაში, ასე წერია App Store-ში, მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკის ველში.

Threads-ი ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის ევროკავშირში, სადაც მონაცემთა კონფიდენციალურობის მკაცრი კანონები მოქმედებს.

კომპანია აცხადებს, რომ ამ საკითხზე მუშაობს და ევროკავშირის ქვეყნებში აპლიკაციის გაშვება უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

როგორი შეიძლება იყოს Threads-ის მომავალი?

გარანტირებული წარმატებისგან Threads-ი ჯერ ძალიან შორს არის. ინდუსტრიის წარმომადგენლები იხსენებენ მრავალ ასეთ აპლიკაციას, რომლებიც მოგვიანებით გაუქმდა, მათ შორის, Instagram-ის სამესიჯო აპლიკაციას, რომელსაც ასევე Threads-ი ერქვა, 2019 წელს გაეშვა და ორი წლის შემდე დაიხურა.

თუმცა, მრავალი ექსპერტი თანხმდება, რომ ახალი აპლიკაცია შეიძლება მნიშვნელოვანი თავისტკივილი გახდეს მასკისა და Twitter-ისთვის.

მიუხედავად ყველაფრისა, არ დაგვავიწყდეს, რომ Threads-ისთვის ჯერ ძლიერ ადრეული დღეები დგას და ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომხმარებელთა უკუკავშირზე.

მომზადებულია AP News-ისა და about.fb.com-ის მიხედვით.