ინგოროყვას კლინიკაში მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულების გამოკითხვა მიმდინარეობს
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულების გამოკითხვა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მეტროში ჭერის ჩამონგრევის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დაზარალებულებთან ერთად თვითმხილველებიც დაიკითხებიან.
საქმეზე შპს „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და სამი თანამშრომელი უკვე დაიკითხა.
გუშინ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.
მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.