ილია დარჩიაშვილი - ჩეხ კოლეგას ვაცნობე, რომ საქართველო ურყევად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას და ამ პროცესში საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებას
ილია დარჩიაშვილი - ჩეხ კოლეგას ვაცნობე, რომ საქართველო ურყევად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას და ამ პროცესში საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებას

ვაცნობე ჩემს ჩეხ კოლეგას, რომ საქართველო ურყევად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას და ამ პროცესში დიპლომატიური, საერთაშორისო, სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებას, ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევისადმი ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ჩეხ კოლეგასთან შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგები და საქართველოს ორი რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები.

„ჩეხ კოლეგასთან შეხვედრისას ჩვენ გვქონდა სიღრმისეული განხილვა უსაფრთხოების გარემოს საგანგაშო სიტუაციისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით. ვსარგებლობ რა ამ შესაძლებლობით, მინდა დავადასტურო უკრაინის მიმართ საქართველოს ძლიერი სოლიდარობა, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ასევე ძლიერი პოლიტიკური, დიპლომატიური ნაბიჯებით ორმხრივ დონეზე, საერთაშორისო პლატფორმების საშუალებით, ასევე ჰუმანიტარულ სივრცეში. როგორც იცით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოსცადა რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2008 წელს და სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის მცდელობები. ჩვენ განვიხილეთ რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგები და საქართველოს ორი რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები. რუსეთის დესტრუქციული ქმედებების, უკანონო მილიტარიზაციის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების, სხვა ბარიერების აღმართვის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის შედეგად, ადგილზე არსებული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება. ამ კონტექსტში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების პროცესში 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ეტაპი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებებით, ადგილზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სამართლებრივად ეკისრება რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც ახორციელებს კონტროლს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ჩეხ კოლეგასთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის, თავდაცვის, განათლების სფეროებში.

ილია დარჩიაშვილმა ჩეხი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

„მე ვაცნობე ჩემს კოლეგას, რომ საქართველო ურყევად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას და ამ პროცესში დიპლომატიური, საერთაშორისო, სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებას. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევისადმი ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ამ მიმართულებით. საუბრის დროს ჩეხ კოლეგას მადლობა გადავუხადე საქართველოს ნატო-ში პროგრესული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და ჩეხეთის კონტრიბუციისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულებაში. ჩვენ განვიხილეთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების გზები. ორმხრივი დღის წესრიგის განხილვისას ჩვენ მივესალმეთ ნაყოფიერ პოლიტიკურ დიალოგს და დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით წარმატებულ სექტორალურ თანამშრომლობას ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის, თავდაცვის, განათლების, ადამიანებს შორის კონტაქტების სფეროებში და შევთანხმდით ამ მიმართულებით კავშირების განვითარებაზე. ჩვენი შეხვედრა იყო როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ინტენსიური დღის წესრიგის ფართო საკითხების განხილვის კარგი შესაძლებლობა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას და მოხარული ვიქნები ვუმასპინძლო მას ჩვენთან, საქართველოში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.