ილია დარჩიაშვილი - ვინმე შეგნებულად თუ ახსენებს აფხაზეთს დამოუკიდებელ ერთეულად, ეს არის უპასუხისმგებლო საქმე და ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია
ილია დარჩიაშვილი - ვინმე შეგნებულად თუ ახსენებს აფხაზეთს დამოუკიდებელ ერთეულად, ეს არის უპასუხისმგებლო საქმე და ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია

ვინმე შეგნებულად თუ ახსენებს აფხაზეთს დამოუკიდებელ ერთეულად, ეს არის უპასუხისმგებლო საქმე და ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი. საქართველოს ოკუპაცია არის მოცემულობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილმა კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ ერთეულად არის მოხსენიებული.

„ამას ვინმე შეგნებულად თუ აკეთებდა, ეს არის უპასუხისმგებლო საქმე და ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი. მე არ გავაკეთებ კომენტარს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ დავიწყოთ მტკიცება საქართველოს ოკუპაციის შესახებ. საქართველოს ოკუპაცია ეს არის მოცემულობა და თუ დღეს ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, აქ უკვე პრობლემა გვაქვს. ჩვენს შემთხვევაში ძალიან ბევრჯერ გვახსოვს რეზოლუციები, რომლებიც საფუძველს მოკლებულია და არ ეფუძნება არაფერს, ჩვენ გვახსოვს დამოკიდებულება მსგავსი ტიპის რეზოლუციების შემოქმედების. აქაც შეგვიძლია, იგივე დამოკიდებულება ვივარაუდოთ.

ხალხისთვის, ვინც მსგავსი ტიპის რეზოლუციებზე მუშაობს, მნიშვნელოვანი არ არის, შიგნით რა წერია, მნიშვნელოვანია, რა მიზანი აქვთ. შესაბამისად, ვფიქრობ, აქაც ამავე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საქართველო მყარად დგას საკუთარ პოზიციებზე, ვაგრძელებთ პარტნიორებთან კომუნიკაციას იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს და ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი, გარდაუვალი პროცესი და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ შედეგიან პროცესს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.