ილჰამ ალიევი - ჩვენ უფრო მეტი ზეწოლა უნდა განვახორციელოთ სომხეთზე და ამას გავაკეთებთ
ილჰამ ალიევი - ჩვენ უფრო მეტი ზეწოლა უნდა განვახორციელოთ სომხეთზე და ამას გავაკეთებთ

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებაში ჩვენს პოზიციას მხარს უჭერს ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, – როგორც აზერბაიჯანული სააგენტო apa.az იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მმართველი პარტიის რიგით მე-6 ყრილობაზე განაცხადა.

„ჩვენ განვაგრძობთ წარმატებულ საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ჩვენს პოზიციას სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მხარს უჭერს. გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, ევროპარლამენტი, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, მიუმხრობლობის მოძრაობა – ყველა ამ წამყვანმა ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია, გადაწყვეტილება, რომელიც მხარს უჭერს ჩვენ პოზიციას კონფლიქტთან მიმართებაში. ამგვარად, საფუძველი ჩაეყარა კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებას, სამართლებრივი საფუძველი უკვე არსებობდა“,-აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მისივე თქმით, მთელი მსოფლიო მთიან ყარაბაღს ცნობს აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად.

„არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია ეს სეპარატისტული სტრუქტურა, დარწმუნებული ვარ, არც აღიარებენ. ისტორიული ფაქტები ჩვენს პოზიციას ამყარებენ, რადგან მთიანი ყარაბაღი ჩვენი მშობლიური, ისტორიული მიწაა. საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები და რეზოლუციები ამყარებენ, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ საფუძვლებს. ჩვენი პოზიცია კონფლიქტის მოგვარებაში, კერძოდ ამჟამინდელ ვითარებაში უპირატესია. ევროპაში იზრდება სეპარატისტული განწყობები. ევროპა ასევე ხედავს, რამდენად სახიფათოა სეპარატიზმი. ჩვენ შევეჯახეთ აგრესიულ სეპარატიზმს. სწორედ ამიტომ, საერთო ჯამში, მსოფლიოში კონფლიქტებთან დაკავშირებით მიმდინარე მიდგომებმა, პროცესებმა, კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი პოზიცია.

შემთხვევითი არ არის, რომ გასული წლის ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღებულმა ევროკავშირის რეზოლუციამ ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირა წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას.

შემიძლია განვაცხადო, რომ ასეთი ფორმატის რეზოლუცია პირველად იქნა მიღებული. ეს იყო სომხეთისთვის მორიგი დარტყმა, მათი მორიგი მარცხი და ჩვენი მორიგი გამარჯვება. ეს იყო სამართლიანობის მორიგი გამარჯვება. სწორედ ამიტომ, ეს პოზიტიური განწყობები განმტკიცდება.

ჩვენ უნდა გავატაროთ და გავატარებთ ჩვენს პოლიტიკას. ჩვენ უფრო მეტი ზეწოლა უნდა განვახორციელოთ სომხეთზე, ასევე მსოფლიო საზოგადოებამდე მივიტანოთ ჩვენი სიმართლე“,-აღნიშნა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე უნდა მოგვარდეს.

„სხვა გზა არ არის. ჩვენ არასდროს დავუშვებთ ჩვენს მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ არის და არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ ჩვენი ძალისხმევა და ამას ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე, სამართლებრივად გადაწყდება და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს და არ გვავიწყდება ჩვენი ისტორიული მიწები. ამან უნდა განსაზღვროს ჩვენი მომავალი საქმიანობა, ჩვენ დღესაც კი ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ჩვენი ისტორიული მიწები – ერევნის სახანო, ზანგეზური და გეიჩა. ეს უნდა იცოდეს ახალგაზრდა თაობამ და მთელმა მსოფლიომ. მოხარული ვარ, რომ ამ საკითხთან, ჩვენს მშობლიურ მიწებთან დაკავშირებით, დღეს ღირებული სამეცნიერო ნაშრომები იწერება, იღებენ ფილმებს, ეწყობა გამოფენები. ამ მიმართულებით, უახლოეს წლებში, ჩვენ მეტი უნდა ვიაქტიუროთ, ასევე მოვაწყოთ გამოფენები და პრეზენტაციები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ერევნის სახანო ჩვენი ისტორიული მიწაა და ჩვენი უნდა დავაბრუნოთ ამ მიწაზე აზერბაიჯანელები. ეს ჩვენი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანია და ჩვენ თანდათან უნდა მივუახლოვდეთ ამ მიზანს“,-აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მისივე აზრით, დღეს ყველა ხედავს, რომ სომხეთი გახდა მძევალი, მსხვერპლი საკუთარი ოკუპაციური პოლიტიკის.

„ჩვენ მათი იზოლაცია მოვახდინეთ თითქმის ყველა საერთაშორისო პროექტიდან, ყველა ენერგეტიკული და სატრანსპორტო ხაზი მათ გვერდის ავლით გადის, ეს ჩვენ გავაკეთეთ. თუმცა, ეს მარტივი არ ყოფილა. სამწუხაროდ, სომხეთის მომხრე ძალები მსოფლიოში, სომხური ლობი და სომხეთზე მიყიდული ზოგიერთი პოლიტიკოსი მუდმივად ცდილობს, ჩართოს სომხეთი იმ პროექტებში, რომლის ინიციატორებიც ჩვენ ვართ. ჩვენ ყოველთვის მკაცრად ვეწინააღმდეგებოდით ამას და სომხეთი ჩვენი ინიციატივით განხორციელებული პროექტების მიღმა დარჩა. სომხეთი, ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების მიღმა დარჩა. ჩვენი პოლიტიკის შედეგად, ეს ქვეყანა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის პროექტის მიღმა დარჩება. ჩვენ ამას არ ვმალავთ“,-განხაცდა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, „სომხეთში ინვესტიციას არავინ ახორციელებს, რადგან პირველ რიგში, პირები, ვინც ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს, არიან კრიმინალები, კორუმპირებულები“.

„ზოგიერთი ცდილობს დაგვადანაშაულოს, რომ ჩვენ ისინი იზოლაციაში გვყავს მოქცეული. დიახ, გვყავს და გვეყოლება. მანამდე, ვიდრე ჩვენი ტერიტორიები არ გათავისუფლდება. ეს პოლიტიკა თავის შედეგს იძლევა. დღეს სომხეთში ინვესტიციას არავინ ახორციელებს, რადგან პირველ რიგში, ის პირები, ვინც ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს, არიან კრიმინალები, კორუმპირებულები. სისხლიანი რეჟიმი ინვესტორებს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების საშუალებას არ აძლევს. ხოლო მანამდე, ინვესტიციებისა და დახმარების სახით გამოყოფილი ყველა საშუალება იძარცვება რეჟიმის მიერ. მეორეს მხრივ, ბაზრის შეზღუდულობა სერიოზულ ინვესტორებს არ აძლევს იქ შესვლის შესაძლებლობას. საექსპორტო შესაძლებლობებიც ძალიან შეზღუდულია. რადგან ექსპორტისთვის საჭიროა გზები, რომც იყოს ისინი, ინვესტიციების მოსაზიდად პირობები მაინც ვერ შეიქმნება. რა თქმა უნდა, მეტწილად ეს ჩვენ გავაკეთეთ და ჩვენი პოლიტიკა გაგრძელდება.

თავად სომხების მიერ ჩატარებული ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანა სამუდამოდ დატოვა 40 ათასამდე ადამიანმა და ეს ტენდენცია ყოველწლიურად შეინიშნება და გაგრძელდება. ამგვარად, წარმოიქმნება დემოგრაფიული კრიზისი. ჩვენი ძალისხმევის შედეგად სომხეთი გახდა პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ჩიხი და ამ ქვეყნის მომავალი, რა თქმა უნდა, ბუნდოვანია. ჩვენ განაგრძობთ ჩვენს პოლიტიკას და გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას -მზარდ ძალას, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პოტენციალს, სამხედრო ძალას. ჩვენ ისე უნდა გადავჭრათ საკითხი, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილ იქნას“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ილჰამ ალიევის აღნიშნულ განცხადებებს აზერბაიჯანული სააგენტო apa.az ავრცელებს.