ილჰამ ალიევი - ანტიაზერბაიჯანული არსის ნაბიჯები, მათ შორის, საფრანგეთის მიერ სომხეთის შეიარაღების პოლიტიკა, შეიარაღების შეჯიბრისკენ უბიძგებს მხარეებს და რეგიონში პროვოკაციებს გამოიწვევს
ილჰამ ალიევი - ანტიაზერბაიჯანული არსის ნაბიჯები, მათ შორის, საფრანგეთის მიერ სომხეთის შეიარაღების პოლიტიკა, შეიარაღების შეჯიბრისკენ უბიძგებს მხარეებს და რეგიონში პროვოკაციებს გამოიწვევს

ნაბიჯები, რომლებსაც აქვთ ანტიაზერბაიჯანული არსი, მათ შორის, საფრანგეთის მიერ სომხეთის შეიარაღების პოლიტიკა, შეიარაღების შეჯიბრისკენ უბიძგებს მხარეებს და რეგიონში პროვოკაციებს გამოიწვევს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

ალიევმა განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, სამმხრივი შეხვედრისთვის მომზადების პროცესში ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა სომხეთისთვის სამხედრო დახმარება და ერთობლივი სამხედრო წვრთნები, სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა აზერბაიჯანის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, სომხეთის შეიარაღება ევროკავშირის მშვიდობის ევროპული ფონდის მეშვეობით და აშშ-ის ბიუჯეტის ხარჯზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, არაგამჭვირვალე მზადება აშშ-ევროკავშირი-სომხეთის სამმხრივი შეხვედრისთვის, რომელიც დაგეგმილია 5 აპრილს, მისი არაინკლუზიური ხასიათი და ის ფაქტი, რომ იგი არ გადაიდო, მიუხედავად აზერბაიჯანის სამართლიანი შენიშვნებისა, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და თანამშრომლობას კი არ გამოიწვევს, არამედ გამყოფი ხაზების გაჩენას და, საბოლოო ჯამში, დაძაბულობას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბერლინში გამართული მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე სასარგებლო იყო პროცესის წინსვლის თვალსაზრისით და საჭიროა მოლაპარაკებების დაჩქარება.

ილჰამ ალიევმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სრულიად უსაფუძვლოა დასავლეთში გაჟღერებული ბრალდებები, რომ აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმას აპირებს.

თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია აზერბაიჯანული მხარის შეშფოთების შესახებ, რომელიც გამოწვეულია 5 აპრილს აშშ-ს, ევროკავშირსა და სომხეთს შორის დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრით და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამის შესახებ პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საუბარი და საკითხის გარკვევა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული შეხვედრის დღის წესრიგი სომხეთის ეკონომიკური განვითარების საკითხებს შეეხება.