ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანმა პარტნიორებს შესთავაზა, რომ შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის სიმძლავრე 4 000 მეგავატამდე გაზრდილიყო, ეს არის გლობალური პროექტი 
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანმა პარტნიორებს შესთავაზა, რომ შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის სიმძლავრე 4 000 მეგავატამდე გაზრდილიყო, ეს არის გლობალური პროექტი 

აზერბაიჯანმა პარტნიორებს შესთავაზა, რომ შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის სიმძლავრე 1 000 მეგავატიდან 4 000 მეგავატამდე გაზრდილიყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს ორ წამყვან კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, აზერბაიჯანში 22 ათას მეგავატამდე მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება, თუმცა, რეალურად, ნახევარი მაინც არის სრულიად განხორციელებადი.

ალიევის განცხადებით, მთავარი საკითხია ელექტროენერგიის გადაცემის პერსპექტივა და საჭიროა გადამცემი ხაზების გაფართოება.

„ვბრუნდებით ზანგეზურის დერეფანში. ჩვენი აზრით, ამ დერეფნის გასწვრივ ელექტროენერგია ერთდროულად უნდა გადაეცეს. სწორედ ამ მიზნით ვაშენებთ დიდ მიმღებ-გადამცემ სადგურს ჯაბრაილის რაიონში. ეს პროექტი თუ განხორციელდება, მაშინ ნახჭევანისა და თურქეთის საზღვარზე სადგური უნდა აშენდეს. ამავდროულად, თურქეთში გადაცემის შესაძლებლობები უნდა გაფართოვდეს, რადგან ამდენი ენერგიის მიღების საშუალება არ არსებობს. ეს არის ძალიან გლობალური პროექტი და მისი სრულად რეალიზება შესაძლებელია“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ პროექტების რეალიზებაში აზერბაიჯანი მანეთსაც არ დახარჯავს, პროექტები უცხოური ინვესტიციებით განხორციელდება და დაზოგილი ბუნებრივი გაზი ექსპორტზე გავა.

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს ხელი.