ილჰამ ალიევი - საქართველოში არსებული სტაბილურობა და რეფორმები არის დიდი აქტივი, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ვულოცავ ჩვენს ქართველ ძმებს ყველა მიღწევას
ილჰამ ალიევი - საქართველოში არსებული სტაბილურობა და რეფორმები არის დიდი აქტივი, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ვულოცავ ჩვენს ქართველ ძმებს ყველა მიღწევას

საქართველოში არსებული სტაბილურობა და რეფორმები არის დიდი აქტივი, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ვულოცავ ჩვენს ქართველ ძმებს ყველა მიღწევას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, ზაგულბას სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

ილჰამ ალიევის თქმით, ამის დასტურია სავაჭრო ბრუნვის 15 პროცენტით გაზრდა.

„საქართველო და აზერბაიჯანი ახალ პროექტებზე მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანია მწვანე ენერგეტიკის პროექტი და საქართველო და აზერბაიჯანი ერთად, სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულნი არიან ძალიან მასშტაბურ პროექტებში. მიმაჩნია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთული ბუნებრივი აირის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზები წარმატებული პროექტების მაგალითებია და ენერგეტიკული პროექტები მომავალშიც ასეთი სცენარით განვითარდება. ეს იქნება მაგალითი ბევრი სხვა ქვეყნისთვის, ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროექტების მაგალითი მომავალშიც და ერთად ჩვენ, აზერბაიჯანს და საქართველოს, დიდი მომავალი გვაქვს, ძალიან მდიდარი განახლებადი ენერგორესურსები გაგვაჩნია.

ამ ეტაპზე ტარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, წლის ბოლოსთვის დავასრულებთ ამ პროცესს და შემდეგ დავიწყებთ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას. გათვლილი და არგუმენტირებული რეფორმები, სტაბილურობა, რაც საქართველოში არსებობს, ეს არის დიდი აქტივი, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. მინდა, მივულოცო ჩვენს ქართველ ძმებს ყველა წარმატებული მიღწევა. ჩვენი სავაჭრო ბრუნვის 900 მლნ-დოლარიანი მაჩვენებელიც ამის დასტურია, 15 პროცენტით გაიზარდა. ეს რეფორმები არის კარგად გათვლილი, კარგად დასაბუთებული, რათა საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს და კლიმატი ჩვენი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. ოთხი მლრდ დოლარის ინვესტიცია არ არის ცოტა. ამის ერთ-ერთ პირველი მიზანი და მიზეზია შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, რაც საქართველოში არსებობს“, – განაცხადა ალიევმა.