IDFI - კითხვები გვაქვს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობაზე, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ თითქმის 180 ათას ლარიანი მანქანა შეიძინა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს (OSGF) ხელშეწყობით საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების და კანონპროექტის პრეზენტაცია გამართა.
მონიტორინგის მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლოს, ყოველდღიური საქმიანობის შეფასება და ხარვეზების გამოვლენა.
მონიტორინგის შედეგები IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ბერაიამ წარადგინა. მისი განმარტებით, მონიტორინგის შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში არაერთი პრობლემა გამოვლინდა, რომლებიც ხელს უშლის სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას აღნიშნულ სასამართლოში.
„ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მონიტორინგს, ეს მოიცავდა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტის ანალიზს და შესაბამისი ხარვეზების იდენტიფიცირებას, ასევე თავად სასამართლოს ყოველდღიური საქმიანობის მონიტორინგს და შეფასებას.
ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რიგი ხარვეზები სასამართლო საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგალითად ეს შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოების გაუმჭვირვალობას.
ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ კითხვები გვაქვს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობასთან დაკავშირებით, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილი თითქმის 180 ათას ლარიანი მანქანა არის ერთ-ერთი მაგალითი.
ამის გარდა ასევე განვახორციელეთ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობის მონიტორინგი, მოვამზადეთ კანონპროექტი იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენი აზრით დღევანდელ კანონმდებლობაში არსებობს. დღეს ამ კანონპროექტს გადავუგზავნით პარლამენტს, რომელიც იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფართომასშტაბიან რეფორმას დაიწყებს“,- განაცხადა გიორგი ბერაიამ.
ორგანიზაცია OSGF-ის ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერის, გიორგი ჩიტიძის განმარტებით, კი ძალზედ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა მუდმივად იყოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რადგანაც იგი ინსტიტუციურად წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთ მთავარ კონსტიტუციურ მექანიზმს ქვეყანაში.
„აქედან გამომდინარე, სასამართლოს საქმიანობა და მისი მომწესრიგებელი კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის უფლებების და კონსტიტუციური პრინციპების ეფექტურად დაცვას. იმედია, საქართველოს პარლამენტი მალე დაიწყებს საკანონმდებლო რეფორმის პროცესს, რომელიც მოემსახურება არსებულ კანონმდებლობაში ამ კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და სასამართლოს საქმიანობის ინსტიტუციური მოწყობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა გიორგი ჩიტიძემ.