გიორგი კლდიაშვილი - ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს მოსმენისას საკმაოდ დაძაბული ვიყავი და წარმომიდგენია, ჟურნალისტები როგორ უხერხულად გრძნობდნენ თავს
გიორგი კლდიაშვილი - ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს მოსმენისას საკმაოდ დაძაბული ვიყავი და წარმომიდგენია, ჟურნალისტები როგორ უხერხულად გრძნობდნენ თავს

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს მოსმენისას საკმაოდ დაძაბული ვიყავი და წარმომიდგენია, ჟურნალისტები როგორ უხერხულად გრძნობდნენ თავს, – ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელმძღვანელმა გიორგი კლდიაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ სამი ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

„ვუსმინე გუშინდელ ინტერვიუს ბიძინა ივანიშვილთან. საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. როდესაც ვუსმენდი, მეც საკმაოდ დაძაბული ვიყავი და წარმომიდგენია, ჟურნალისტები როგორ უხერხულად გრძნობდნენ თავს, როცა ძირითადი აქცენტი კეთდებოდა „რუსთავი 2“-ზე, თუ რამდენად არაობიექტური ტელევიზიაა და რამდენად არასწორ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. დამოუკიდებელი მედია ეს არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი და ძალიანაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს ქვეყანაში სწორი და დემოკრატიული სვლა.

აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ჩარევა, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან არის დაუშვებელი და ის გზავნილები, რომლებზეც ბატონი ბიძინა საუბრობდა, ნამდვილად არ არის მისასალმებელი. პირიქით, ვფიქრობ, რომ სახიფათოა, როდესაც საუბარია ტელევიზიაში ჩარევაზე. მან მართალია აღნიშნა, რომ ის არანაირად არ ეხებოდა სარედაქციო პოლიტიკას, ის უბრალოდ, გამოააშკარავებდა იმ არასწორ ინფორმაციას, რომელზეც სამომავლოდ იმუშავებს თავად და მისი გუნდი. საზოგადოებას უნდა აჰქონდეს ალტერნატიული ინფორმაცია, საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს უნდა, რომ მოსახლეობამ გაიგოს.

შესაბამისად, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ გაეცნოს, მოისმინოს ან დაინახოს იმ ინფორმაციას, რომელსაც გადმოსცემს მედია. შეიძლება მედია იყოს მიკერძოებული, მაგრამ ეს არის მედიის საქმე. მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რომელ არხს უყუროს, რომელი ინფორმაცია მიიღოს. შესაბამისად, არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არის სრულიად დაუშვებელი. არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არის არადემოკრატიული, შესაბამისად, ამას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. სამოქალაქო საზოგადოება, ჩემი პარტნიორი ორგანიზაციები, ყველანაირად დავიცავთ მედიის თავისუფლებას. ჩვენ ვიდგებით იქ, სადაც გაუჭირდება მედიას და იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება არ დადგება“, – განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

ამასთან, კლდიაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მიდის მესამე სექტორზე დარტყმა, განსაკუთრებით, რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელზე.

„ისევე როგორც დამოუკიდებელი მედია, დამოუკიდებელი მესამე სექტორი არის ქვაკუთხედი დემოკრატიის და ამ მხრივ არანაირი ჩარევა მათ საქმიანობაში არ უნდა ხდებოდეს. კრიტიკა შესაძლებელია, მაგრამ არა ისეთი არაკონსტრუქციული კრიტიკა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ“, – აცხადებს კლდიაშვილი.

დატოვე კომენტარი