„იბერიის“ მწვრთნელი - ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქის დაუფასებლობა დაუშვებელია, მაგრამ „ფლორასი“ არ გვეშინია #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონის, „იბერიის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა ანდრეი დემჩენკომ ეროვნულ ლიგასა და ევროტურნირებზე დასახული მიზნების შესახებ პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.
51 წლის სპეციალისტი 2020 წლიდან საქართველოში მუშაობს – ჯერ გორის „დილასა“ და ბათუმის „დინამოს“ ავარჯიშებდა, ახლა კი ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა მესამე ქართული გუნდი ჩაიბარა.
„ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ რაღაც შესაცვლელი იყო და „იბერიას“ ცვლილებები სჭირდებოდა. რეალურად, წელს ახალი გუნდი შეიკრიბა, თუმცა ჩვენ თამაშის გაუმჯობესება გვსურს.
ჩვენი მიზნები? საქართველოს ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგასა თუ, ზოგადად, ევროტურნირებზე მაქსიმალურად შორს გასვლა. საამისოდ „იბერიას“ წერტილოვანი გაძლიერება გვჭირდება, სუსტი რგოლები უნდა შევავსოთ.
ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს გასასვლელად ბევრი მოთამაშის დამატება კი არ გვინდა, არამედ 2-3 მაღალი დონის ფეხბურთელი გვესაჭიროება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენს მოწინააღმდეგეს, ტალინის „ფლორას“ – მეტოქის დაუფასებლობა დაუშვებელია. საქართველოში მუშაობისას არაერთხელ მიგრძნია, რომ ეს წაგების მიზეზი გამხდარა.
„ფლორას“ ლეგიონერები არ ჰყავს, მაგრამ ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების საინტერესო ნაზავია. მეტოქის პატივისცემა აუცილებელია, თუმცა გუნდს ყოველთვის მოგებისთვის განვაწყობ და არავისი გვეშინია“, – ამბობს დემჩენკო.