„იბერიის“ პრეზიდენტი - ქართველ ლეგიონერებს ცენტრალური ევროპული კლუბების ხელფასს ვთავაზობთ, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება არ უნდათ #1TVSPORT
„იბერიის“ პრეზიდენტი - ქართველ ლეგიონერებს ცენტრალური ევროპული კლუბების ხელფასს ვთავაზობთ, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება არ უნდათ #1TVSPORT

თბილისის „იბერიამ“ ევროპაში სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენილ მოთამაშეებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შესთავაზა, მაგრამ მათ საქართველოს ეროვნულ ლიგაში დაბრუნება არ სურთ, – ამის შესახებ „იბერიის“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ განაცხადა.

„იმედია, 2026 წელს ჩვენ და სხვა ქართული კლუბები ევროთასებზე ღირსეულად გამოვალთ. ეს საშუალებას მოგვცემს, სამი გუნდის ნაცვლად, ევროთასებზე ოთხგუნდიანი კვოტა დავიბრუნოთ.

იძულებულები ვართ, ფეხბურთელებს დავემშვიდობოთ. სამი უკვე გავუშვით, ევროტურნირებამდე კი სულ ხუთი ფეხბურთელი დაგვტოვებს. ამის თაობაზე ყველაფერს უახლოეს დღეებში შეიტყობთ.

ამბობენ, რატომ ჩამოიყვანეთ მოთამაშე აზერბაიჯანიდანო. ფეხბურთელის დამატება გუნდიდან, რომელმაც „ყარაბაღს“ ჩემპიონობა ჩამოართვა, მიუღებელი არ მგონია. ჩვენ უცხოეთიდან რამდენიმე ქართველი ლეგიონერის ჩამოყვანა ვცადეთ, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვთ, მათ შორის, ჩვენი აღზრდილების.

ამას პირველად ვამბობ – ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და ცენტრალურ ევროპაში რასაც უხდიან, იმაზე ნაკლებ ხელფასს არ ვთავაზობთ, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება არავის სურს – ცარიელი ტრიბუნების გამო და ა.შ.

ბევრს ურჩევნია, მეორეხარისხოვან ევროპულ კლუბში იყოს, ვიდრე „იბერიაში“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს. ჩვენ ახლა მოტივირებული ფეხბურთელები გვინდა, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენა და კარიერის აწყობა სურთ. მოტივირებული ფეხბურთელი თუ არ მოიყვანე, თანხა არაფერს წყვეტს“, – განაცხადა „იბერიის“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა.