საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები „იბერიის“ აკადემიას ესტუმრნენ - ზივზივაძე გულშემატკივრებს მოუწოდებს, ქართულ გუნდებს მხარი დაუჭირონ #1TVSPORT
თბილისის „იბერიის“ აკადემიაში განსაკუთრებული დღე იყო. პატარა ფეხბურთელებს ყოფილი იბერიელები და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ესტუმრნენ.
სტუმართა შორის იყვნენ ეროვნული გუნდის მცველი ოთარ კაკაბაძე და თავდამსხმელები, ბუდუ ზივზივაძე და იური ტაბატაძე, ასევე „ჯვაროსნების“ ყოფილი ფეხბურთელები, ჯაბა ჯიღაური და ჯიმი ტაბიძე.
ეს დღე ბავშვებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა: მათ პირადად გაიცნეს კუმირები და მათგან მოტივაცია მიიღეს, შეხვედრის ბოლოს კი სერტიფიკატებითა და თასებით დასაჩუქრდნენ.
„ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ ყველას მოუწოდა, ეროვნული ლიგის თამაშებზე იარონ.
„იმიტომ უნდა იაროს ხალხმა ეროვნული ლიგის თამაშებზე, რომ ქართულ ფეხბურთს ვუგულშემატკივროთ. ტრიბუნებზე გაზრდილ რაოდენობას ყველა დაინახავს და მერე სტადიონზე სიარული ყველას მოუნდება. მთავარია, რომ ფეხბურთელებს სჭირდებათ გულშემატკივარი“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.