იაპონურმა კოსმოსურმა ზონდმა ასტეროიდს მიაღწია და ნიმუშების აღებას იწყებს
იაპონურმა კოსმოსურმა ზონდმა ასტეროიდს მიაღწია და ნიმუშების აღებას იწყებს

ღრმა კოსმოსში სამწლიანი მოგზაურობის შემდეგ, იაპონურმა ზონდმა ჩვენგან 300 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარე ასტეროიდს მიაღწია. მისი მიზანია ინფორმაციის შეგროვება მზის სისტემის დაბადებისა და სიცოცხლის წარმოშობის შესახებ.

იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) განცხადებით, ზონდი ჰაიაბუსა-2 წარმატებით განთავსდა ასტეროიდ რიუგუდან 20 კილომეტრის მანძილზე, დაკვირვებისათვის საჭირო პოზიციაში.

ზონდის მისიის სირთულეს JAXA შემდეგნაირად აღწერს: „იაპონიიდან ბრაზილიაში ექვსსანტიმეტრიანი სამიზნისთვის სროლა“.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ კაცობრიობისთვის უპრეცედენტო კოსმოსურ სამეცნიერო კვლევას“, — ამბობს პროექტის მენეჯერი იუჩი ცუდა.

ზონდმა ობიექტთან მისვლა რამდენიმე დღით დაასწრო გაერო-ს ასტეროიდთა საერთაშორისო დღეს, რომელიც 30 ივნისს აღინიშნება. ამ გლობალური ღონისძიების მიზანია საზოგადოებაში გაზარდოს ცნობადობა ასტეროიდებისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ რიუგუდან აღებულ ნიმუშებში საკვანძო ცნობებს იპოვიან დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. სავარაუდოდ, ეს ასტეროიდი შეიცავს შედარებით დიდი ოდენობით ორგანულ ნივთიერებებსა და წყალს.

JAXA-ს განცხადებით, ზონდი ჰაიაბუსა-2 კვლევების დასაწყებად უკვე მზად არის და ეს პროცესი მომდევნო 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

შემდეგი ეტაპია ასტეროიდის იმ ადგილების შერჩევა, რომლებზეც ზონდი დაჯდება და ნიმუშებს აიღებს.

ზონდი ჰაიაბუსა-2 დაახლოებით მაცივრის ზომისაა და აღჭურვილია მზის პანელებით. წარმოადგენს JAXA-ს ასტეროიდთა პირველი მკვლევრის, ჰაიაბუსას მემკვიდრეს. ჰაიაბუსა იაპონურად „შავარდენს“ ნიშნავს.

2010 წელს, შვიდწლიანი კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ, ამ ზონდმა ნიმუშები ჩამოიტანა კარტოფილის ფორმის პატარა ასტეროიდიდან.

ჰაიაბუსა-2-ის მისია 274 მილიონი დოლარი დაჯდა. ზონდი 2014 წლის დეკემბერში გაუშვეს. ასტეროიდთან ის 18 თვის განმავლობაში დარჩება, ნიმუშებს აიღებს და კვლავ დედამიწისკენ გამოემართება.

ასტეროიდისკენ ის წრიული გზით წავიდა და 1302 დღის განმავლობაში გაიარა 3,2 მილიარდი კილომეტრი.

ნიმუშების შესაგროვებლად ის „იმპაქტორს“ გამოიყენებს, რომელიც ასტეროიდის თავზე აფეთქდება და მისი ზედაპირისკენ 2 კილოგრამიან სპილენძის ობიექტს ისვრის. შედეგად წარმოიქმნება რამდენიმე მეტრი დიამეტრის მქონე კრატერი.

ამ კრატერიდან ზონდი შეაგროვებს „ცინცხალ“ ნივთიერებებს, რომელიც სიღრმეში საგულდაგულოდ ემალებოდა ქარებსა და რადიაციას. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ასტეროიდიდან აღებული ეს ნივთიერებები პასუხს გასცემს ფუნდამენტურ კითხვებს სამყაროსა და სიცოცხლის შესახებ. მათ შორის, შეიტანა თუ არა დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენებაში წვლილი კოსმოსიდან მოსულმა ელემენტებმა.

ზონდი ასტეროიდის ზედაპირს კამერებითა და სხვადასხვა სენსორებით დააკვირდება. თუმცა, უშუალოდ ზედაპირზე დაკვირვებებისთვის, ასევე დასვამს ციცქნა მავალ MINERVA-II-სა და ფრანგულ-გერმანულ მზვერავ MASCOT-ს.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.