იაპონიის ხომალდი დედამიწიდან 300 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარე ასტეროიდზე წარმატებით დაჯდა. მისიის მიზანი მზის სისტემისა და სიცოცხლის აღმოცენების შესახებ საკვანძო ცნობების მოპოვებაა.
იაპონიის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ზონდი „ჰაიაბუსა-2“ ასტეროიდ რიუგუზე ცოტა ხნით დაჯდა, ზედაპირს ტყვია ესროლა, იქიდან ამოსული მტვერი შეაგროვა და კვლავ თავის პოზიციას დაუბრუნდა.
ჰაიაბუსა-2-ის მისიის მენეჯერის, მაკოტო იოშიკავას განცხადებით, ამ რთულმა პროცედურამ მოსალოდნელზე ცოტა დრო წაიღო და ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა.
მისივე თქმით, ტყვია, რომელიც ზონდმა ასტეროიდის ზედაპირს ესროლა, ნამდვილი ნახტომი იქნება და პლანეტარულ მეცნიერებას უამრავი ახალი აღმოჩენით აავსებს.
მეცნიერთა აზრით, ასტეროიდი რიუგუ შედარებით დიდი ოდენობით ორგანულ ნივთიერებებსა და წყალს შეიცავს; თანაც ეს ნივთიერებები 4,6 მილიარდი წლის წინანდელია, როცა მზის სისტემა იბადებოდა.
მისიის შემდეგ ეტაპზე, ჰაიაბუსა-2 ასტეროიდს ასევე ესვრის „იმპაქტორს“, რომელიც რიუგუს ზედაპირქვეშა მატერიას ამოტყრცნის, რომელსაც შემდეგ ზონდი შეაგროვებს; ეს ნივთიერებები უნიკალურია იმ მხრივ, რომ დაცულია მზისა და რადიაციისგან.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ აღებული ნიმუშები პასუხს გასცემს ფუნდამენტურ კითხვებზე სიცოცხლისა და სამყაროს შესახებ, მათ შორის, საბოლოოდ გაარკვევს, დაეხმარა თუ არა დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენებას კოსმოსიდან შემდეგში მოსული ელემენტები.
ზონდის დასმა გასული წლის ბოლოს იგეგემებოდა, მაგრამ იაპონიის კოსმოსურ სააგენტოს გეგმების შეცვლა მოუწია,რადგან აღმოჩნდა, რომ ასტეროიდის ზედაპირი იმაზე უსწორმასწორო იყო, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ. გამომდინარე აქედან, სააგენტო უსაფრთხო დაჯდომისთვის ხელსაყრელ ადგილს ეძებდა.
270 მილიონ დოლარად ღირებული მისია „ჰაიაბუსა-2“ იაპონიამ 2014 წლის დეკემბერში გაუშვა. ასტეროიდის ნიმუშების აღების შემდეგ, ის დედამიწაზე 2020 წელს დაბრუნდება.
„ჰაიაბუსა-2“ აღჭურვილია კამერებითა და სენსორებით. ორი თვის წინ ასტეროიდის ზედაპირზე მან გადასვა ორი პატარა რობოტი მავალი (მინერვა II) და ფრანგულ-გერმანული რობოტი „მასკოტი“.
ყველა მათგანისგან მეცნიერებმა მონაცემები უკვე მიიღეს.
„ჰაიაბუსა-2“ დაახლოებით მაცივრის ზომისაა, მუშაობს მზის პანელებზე და წარმოადგენს იაპონიის ასტეროიდის პირველი მკვლევრის, „ჰაიაბუსას“ მემკვიდრეს (ჰაიაბუსა იაპონურად „შავარდენს“ ნიშნავს).
შვიდწლიანი მოგზაურობის შემდეგ, „ჰაიაბუსა“ კარტოფილის ფორმის პატარა ასტეროიდიდან დაბრუნდა და მტვრის ნიმუშები ჩამოიტანა.
მომზადებულია AFP-ის მიხედვით.