იანოშ ჰერმანი - ველოდები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტს, რომელიც საქართველოს სარგებელს მოუტანს
საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი ელოდება, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი საქართველოს მოსახლეობას სარგებელს მოუტანს. ამის შესახებ ჰერმანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ველოდები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტს, რომელიც საქართველოსა და ყველა სხვა პარტნიორი ქვეყნის მოსახლეობას სარგებელს მოუტანს და ჩვენს საერთო ინტერესებსა და მომავალს ემსახურება“, – წერს საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი „ტვიტერში“.
ამასთან ერთად, იანოშ ჰერმანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას სამიტის შესახებ.
„პარასკევს, 24 ნოემბერს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეხუთე სამიტი გაიმართება. 2009 წელს დაწყებული პროგრამის მიზანია, გააღრმავოს და გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და ექვს აღმოსავლელ მეზობელს – სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის. საერთო მიზანია დემოკრატიის, კეთილდღეობის, სტაბილურობის განვითარება და ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო უწყების განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შექმნიდან მისმა მონაწილე სახელმწიფოებმა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების სახით 5,4 მილიარდი ევრო (15 მილიარდი ლარი) მიიღეს.
ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ბრიუსელის სამიტი იქნება უკვე მიღწეული შედეგების შეჯამებისა და მომავალი პრიორიტეტების დასახვის შესაძლებლობა.
„2015 წელს რიგაში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ ოთხ ძირითად სფეროში თანამშრომლობაზე“ ეკონომიკური განვითარება და საბაზო შესაძლებლობები; ინსტიტუტებისა და კარგი მმართველობის გაძლიერება; კავშირები, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატური ცვლილებები; მობილურობა და ადამიანთა შორის კონტაქტები. მას შემდეგ, ევროკავშირმა პარტნიორებთან ერთად განსაზღვრა ამ ოთხ სფეროში ოცი კონკრეტული შედეგი, რაც ამჟამად წარმოადგენს მკაფიო სამუშაო გეგმას, რომელიც უნდა შესრულდეს 2020 წლისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში გაიმართება კონცერტი რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ექვსი ქვეყნის მაღალი დონის პიანისტები, ასევე ახალგაზრდა მუსიკოსები.
ამავე განცხადებაში მოყვანილია ის მხარდამჭერი ქმედებები, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს დასახმარებლად განახორციელა.
• 2009 წლის შემდეგ, ევროკავშირი საქართველოს 2,1 მილიარდი ლარით (711 მილიონი ევრო) დაეხმარა 63 ათასი ქართველი მეწარმის დაფინანსების, ტრენინგისა და ექსპორტის მხარდასაჭერად, რათა დახმარებოდა მათ, ყოფილიყვნენ უფრო კონკურენტუნარიანები;
• ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოდან 1700-ზე მეტი სტუდენტმა და აკადემიკოსმა ისწავლა ან ასწავლა ევროკავშირში Erasmus-ის პროგრამის ფარგლებში;
• საქართველომ ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის განვითარებისთვის და გარემოს დაცვისთვის სხვდასხვა გრანტი მიიღო, მაგალითად, ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს ქუჩებში 143 ახალი ლურჯი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი გამოჩნდა.