იანოშ ჰერმანი - ევროპული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეფექტიანი შრომის ინსპექცია ბიზნესს ეხმარება
იანოშ ჰერმანი - ევროპული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეფექტიანი შრომის ინსპექცია ბიზნესს ეხმარება

მთელი ჩვენი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შრომის ინსპექცია ბიზნესს ხელს უწყობს. არავითარი საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ეს ასე არ იქნება საქართველოში, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა პირველი არხის ანალიტიკოს ზვიად ავალიანთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოში ამ მიმართულებით პროგრესს ხედავს, უკვე შექმნილია გარკვეული დეპარტამენტი შრომის სამინისტროში, თუმცა იანოშ ჰერმანი მიიჩნევს, რომ ეს ჯერ არ არის სრულფასოვანი შრომის ინსპექცია და მას იმედი აქვს, რომ პროცესი გაგრძელდება.

„რეფორმები, როგორც წესი, არ იძლევა მყისიერ მატერიალურ სარგებელს – თავდაპირველად, შესაძლოა, საჭირო იყოს გარკვეული ინვესტიციის ჩადებაც, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად იქნება შედეგი.

რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი რეფორმებიც, სადაც მატერიალური შედეგი მყისიერად დგება, მაგრამ ეს შედარებით ადვილი რეფორმებია. საქართველომ უკვე საკმაოდ წინ წაიწია რეფორმების გატარების კუთხით, ამიტომ ყველაზე ადვილი რეფორმები აქ უკვე განხორციელებულია.

ახლა ჩვენ მივუახლოვდით იმ წერტილს, როცა რეფორმა იქნება უფრო მომთხოვნი ან მატერიალური შედეგი არ იქნება მყისიერად ცხადი. შრომის სფეროში რეფორმებზე ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ, თუმცა აქ არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უკვე უნდა გადადგმულიყო, მაგრამ ჯერაც არ არის გადადგმული.

საქართველოს აქვს დადებული პირობები და აღებული აქვს ვალდებულებები, რომლებსაც აქვს თავიანთი „დედლაინი“. ეს ვალდებულებები აღებულია როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე, ისე ევროკავშირის წინაშე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

პრობლემა, რომელზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება, უკავშირდება შრომის ინსპექციის საკითხს. ჩვენ, ცხადია, გვესმის, რომ ეს არის ნაბიჯი, რომელიც ყურადღებით უნდა გადაიდგას. ეს პროცესი პროფკავშირებმა, სახელმწიფომ, დამსაქმებლებმა და ბიზნესმა დაბალანსებულად უნდა წარმართონ. ცხადია, ბიზნესს ამ პროცესში აქვს თავისი ლეგიტიმური ინტერესი და რეფორმის პროცესში ჩვენ ეს ინტერესი ყურადღებით უნდა გავითვალისწინოთ.

საქართველო ამაყობს, რომ ბიზნესისთვის მეგობრული ქვეყანაა, მაგრამ მთელი ევროპული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეფექტური შრომის ინსპექცია ბიზნესს ეხმარება. შრომის ინსპექცია ეხმარება ბიზნესს, რადგან შრომის ინსპექციის მოქმედება ქვეყანაში კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმისთვის, რომ ბიზნესი მოქმედებს კანონის მიერ კარგად მოწესრიგებულ და ორგანიზებულ გარემოში.

მთელი ჩვენი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შრომის ინსპექცია ბიზნესს ხელს უწყობს. არავითარი საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ეს ასე არ იქნება საქართველოში. ცხადია, ეს ის საკითხია, სადაც აუცილებელია მუდმივი დიალოგი მხარეებს შორის და მე ვიცი, რომ საქართველოში სახელმწიფო ამას აკეთებს კიდეც – ცხადია, საჭიროა ბიზნესის აზრის გათვალისწინება რეფორმის ტემპებთან და გარემოებებთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რომ ეს რეფორმა საქართველოსთვის სასარგებლო იქნება, ეჭვგარეშეა.

აქვე დავამატებ, შრომის ინსპექცია და შრომის უსაფრთხო პირობები წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას სხვა ამოცანებისთვისაც. მაგალითად, საერთაშორისო სავაჭრო კონკურენციასთან დაკავშირებულ საკითხებში და ა.შ. მაგრამ, ვფიქრობ, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს – ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ საქართველოსთან უკვე მყარად ვართ შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგით.

ჩვენ ვხედავთ პროგრესსაც, რომელიც უკვე სახეზეა – უკვე შექმნილია გარკვეული დეპარტამენტი შრომის სამინისტროში, მაგრამ, რასაკვირველია, ეს ჯერ არ არის სრულფასოვანი შრომის ინსპექცია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.