იანოშ ჰერმანი - ევროკავშირი გააგრძელებს მამუკა ბახტაძის ძალისხმევის მხარდაჭერას
იანოშ ჰერმანი - ევროკავშირი გააგრძელებს მამუკა ბახტაძის ძალისხმევის მხარდაჭერას

ჩვენ ველოდებით მამუკა ბახტაძის მთავრობასთან თანამშრომლობას​, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ​საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან პირველი შეხვედრაა მისი დანიშვნის შემდეგ. ეს იყო შესაძლებლობა ჩვენთვის, განგვეხილა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მთელი დღის წესრიგი. ჩვენ ვისაუბრეთ ახალი მთავრობის ფორმირებაზე, სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე. ასევე, შევეხეთ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოსადმი, ფინანსური მხარდაჭერის პროგრამებს. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი ფოკუსირებულია ეკონომიკური განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, განათლების მხარდაჭერაზე, ახლა ასევე წარვადგენთ პროგრამებს უსაფრთხოების სფეროში“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის პროგრამები ასრულებს მნიშვნელოვან როლს საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში.

„ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენ საერთო შეხედულებები გაგვაჩნია. ჩვენ ველოდებით მამუკა ბახტაძის მთავრობასთან თანამშრომლობას. მე პრემიერ-მინისტრს წარმატება ვუსურვე და დავუდასტურე, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მისი ძალისხმევის მხარდაჭერას. ასევე ველოდებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის მომავალ კონტაქტებს, მაღალი დონის ვიზიტებს“, – დასძინა იანოშ ჰერმანმა.

იანოშ ჰერმანი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.