იანოშ ჰერმანი - ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს, რომლებიც სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით იდგმება
იანოშ ჰერმანი - ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს, რომლებიც სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით იდგმება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მოქმედი ხელმძღვანელის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს, რომლებიც სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით იდგმება.

იანოშ ჰერმანს ჟურნალისტებმა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას „ეხო მასკვისთვის“ მიცემული ინტერვიუს შესახებ ჰკითხეს.

„ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტსა და ერთიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სრულიად უჭირს მხარს. ეს არ არის სიტყვები, ეს ევროკავშირის პოლიტიკაა. არ ვფიქრობ, რომ საჭიროა ჩემი კომენტარი და მითითება საქართველოს მთავრობის მიმართ. ევროკავშირმა თავისი პოზიცია უკვე გამოხატა იმით, რომ დიდ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარის და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თაოსნობით. მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს, რომლებიც სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით იდგმება. ასევე საქართველო-რუსეთის 10 წლის ომის თაობაზე განცხადება გავაკეთეთ, სადაც ჩვენი პოზიცია ჩანს“, – განაცხადა ჰერმანმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ კი, გამოცემა „ეხო მასკვისთან“  ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს. „საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ“, – განაცხადა შამბამ.