იაგო ხვიჩია - არასამთავრობო ორგანიზაციების გაკეთებული საქმის არ მჯერა, ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ „სამართლიან არჩევნებთან“ მართალია
იაგო ხვიჩია - არასამთავრობო ორგანიზაციების გაკეთებული საქმის არ მჯერა, ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ „სამართლიან არჩევნებთან“ მართალია

ზოგადად, „ენჯეოსკეპტიკოსი“ ვარ, არ მჯერა არასამთვრობოების გაკეთებული საქმის ან ნაკლებად მჯერა. შესაბამისად, „ქართული ოცნება“, ჩემი აზრით, „სამართლიან არჩევნებთან“ მართალია. მეტიც, მათ გადააყენეს საკუთარი თავმჯდომარე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმ უხერხულობის აღმოსაფხვრელად, რომელიც რეალურად მათმა ქმედებამ გამოიწვია, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ერთადერთი, რაც მათ ამართლებს, არის ის, რომ ჩვენ ზოგადად, ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ რაღაც კვლევებს თუ ანგარიშებს. მგონი, მაგდენი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და, რომ არ მიგვექცია, ნაკლებად დაიძაბებოდა სიტუაცია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, იაგო ხვიჩიას თქმით, ის მსგავსი კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის.

„მე არ ვარ საგამოძიებო კომისიების წინააღმდეგი. ვფიქრობ, ეს კარგი გზა ჭეშმარიტების დასადგენად, მაგრამ ამას სჭირდება თავისი წესი და პროცედურები. თუ საგამოძიებო კომისიას აკეთებ შენ თვითონ, შენ თვითონ იძიებ, შენ თვითონ უდგენ სანქციებს საკუთარ თავს და თვითონ ასაჯაროებ, გამოდის ცნობილი რუსული გამონათქვამის არ იყოს, ბილეთებს რომ თვითონ ჰყიდი, თვითონ უკრავ და თვითონ ცეკვავ, რა დროსაც ძალას და აზრს კარგავს, რომ ამ პროცესს დავარქვათ საგამოძიებო კომისია. საგამოძიებო კომისია უნდა იქმნებოდეს სანდოობის და კონსესუსის საფუძველზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, რომ ხმების პარალელური დათვლისას, სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობაში განმარტეს, რომ ხმების დათვლისას ხარვეზი ადამიანური შეცდომაა, თუმცა ამ შეცდომის საზოგადოებისთვის დაგვიანებით გაცნობის პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება. მოგვიანებით, „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.

ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.