იაგო ხვიჩია - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ქართველი ხალხისთვის ახალი არაფერი წერია
იაგო ხვიჩია - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ქართველი ხალხისთვის ახალი არაფერი წერია

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ქართველი ხალხისთვის ახალი არაფერია, დიდი ხანია ვიცნობთ ქართულ სასამართლო სისტემას, რომელიც ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ ეხმარება ხელისუფლებას ადამიანების დაშინებაში და ხელისუფლების სასარგებლოდ „ჭკუაზე მოსაყვანად“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, რომელზეც საქართველოზეც არის საუბარი.

“ამ დოკუმენტში ახალი არაფერია, რაც ქართველი ხალხისთვის არ არის ცნობილი. დიდი ხანია ვიცნობთ ქართულ სასამართლო სისტემას, ეს არის სისტემა, რომელიც ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ ეხმარება ხელისუფლებას ადამიანების დასაშინებლად და ხელისუფლების სასარგებლოდ „ჭკუაზე მოსაყვანად“. მადლობის გარდა, ჩვენს პარტნიორს არაფერი ეკუთვნის იმ პრობლემის აღმოჩენისთვის, ქართველი ხალხის გაგებისთვის, რომელსაც დაბადებიდან ვგრძნობთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხშირად იცვლებოდნენ ხელისუფლებები და პოლიტიკოსები, არასდროს გვქონია სასამართლოს იმედი, პირიქით, ყოველთვის გვეშინოდა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს, რომელიც ანგარიშში მოხვდა, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ შორს არის იმ აზრისგან, რომ მას ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან.

“მიხეილ სააკაშვილის საქმე ბევრი კომპონენტისგან შედგება და ძალიან წინააღმდეგობრივია ქართული სასამართლოსთვის. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, იმ სასამართლოს მიერ სააკაშვილის გასამართლება, რომელიც ოპონენტების წინააღმდეგ თავის დროზე თვითონ შექმნა, ვერ დააკმაყოფილებს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს, რადგან მას წარმოადგენს მურუსიძე და მისი სასამართლო. ეს მიხეილ სააკაშვილზე უკეთ არავინ იცის, თავის დროზე მისი შექმნილია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.