ჰიმალაის „ჩონჩხების ტბის“ საიდუმლო კიდევ უფრო უცნაური გახდა
ჰიმალაის „ჩონჩხების ტბის“ საიდუმლო კიდევ უფრო უცნაური გახდა

ინდოეთში, ჰიმალაის მთების სიღრმეში, თოვლით დაფარულ მწვერვალებს შორის ერთი დიდი საიდუმლო იმალება. რუპკუნდის ტბა თავთხელი წყალსატევია, რომელიც ადამიანის ძვლებით არის სავსე; წყალში ასობით ადამიანის ჩონჩხია მიმოფანტული. იმის გამო, მას ხშირად ჩონჩხების ტბასაც უწოდებენ, მაგრამ არავინ იცის, როგორ აღმოჩნდა იქ ადამიანთა ძვლები.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ხალხის დიდი ჯგუფი რაღაც დიდმა კატასტროფამ, მაგალითად მძლავრმა შტორმმა იმსხვერპლა. თუმცა, ეს იდეა სრულიად გააცამტვერა 38 ჩონჩხის დნმ-ის ანალიზებმა.

როგორც ირკვევა, ჩონჩხები სხვადასხვა ჯგუფის ადამიანებს ეკუთვნის, მათ შორის არის ხმელთაშუა ზღვის აუზის ბინადართა ძვლებიც; გარდა ამისა, ნათელი ხდება, რომ ტბაში ჩონჩხები დაახლოებით 1000 წლის განმავლობაში იყრიდა თავს.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გენეტიკოსის, დევიდ რეიჩის განცხადებით, დნმ-ის ბიომოლეკულური ანალიზების, კვების რაციონის სტაბილური იზოტოპური რეკონსტრუქციისა და რადიონახშირბადული დათარიღების შედეგად დადგინდა, რომ რუპკუნდის ტბის ისტორია იმაზე გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე ვარაუდობდნენ.

ამბავი დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. ინდოეთის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის CSIR ცენტრის გენეტიკოსმა კუმარასამი თანგარაჯმა 72 ჩონჩხის მიტოქონდრიული დნმ-ის სეკვენსირება შეძლო.

როგორც თანგარაჯი და მისი კოლეგა ლალჯი სინგჰი ვარაუდობდნენ, ზოგიერთ ჩონჩხს ადგილობრივი ინდური წარმოშობის შესაფერისი დნმ ჰქონდა, მაგრამ ზოგს არა. ზოგიერთი ჩონჩხი დასავლეთ ევრაზიული წარმოშობის აღმოჩნდა.

აღმოჩენა დამატებით კვლევებს მოითხოვდა — წყალში ღრმად ჩასვლას სრული გენომის ასაღებად. გენომის დონის დნმ წარმატებით აიღეს 38 ინდივიდიდან. ამის შემდეგ, ეს 38 გენომი შეადარეს 1521 ძველი და 7985 თანამედროვე ინდივიდისას მთელი მსოფლიოდან.

ანალიზებმა სამი სხვადასხვა ჯგუფი გამოავლინა. მათ შორის უდიდესი შედგებოდა 23 ინდივიდისგან, რომელთა დნმ თანამედროვე ინდოეთში მცხოვრებთა მსგავსი იყო. გარდა ამისა, ისინი გენეტიკურად დაკავშირებული არ იყვნენ.

უდიდესი სიურპრიზი აღმოჩნდა 14 ინდივიდისგან შემდგარი მეორე უდიდესი ჯგუფი. მათი დნმ ყველაზე მეტად ჰგავდა თანამედროვე კრეტისა და ზოგადად, საბერძნეთის მოსახლეობისას.

ერთი დარჩენილი ინდივიდის დნმ კი სამხრეთაზიურ წარმოშობაზე მიუთითებდა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგის, ეადაოინ ჰერნის განცხადებით, ეს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირული წარმოშობის ჩონჩხების აღმოჩენის ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ რუპკუნდის ტბა მხოლოდ ადგილობრივი ინტერესის საგანი კი არ იყო, არამედ მნახველებს მთელი მსოფლიოდან იზიდავდა.

აღმოჩენას ადასტურებს ძვლებიდან აღებულ იზოტოპთა ანალიზებიც. ნიადაგში არსებული გარკვეული იზოტოპები მცენარეებში ხვდება, რომლებსაც შემდეგ ადამიანები ჭამენ. ეს იზოტოპები შემდეგ ანაცვლებს ძვლებსა და კბილებში არსებული კალციუმის გარკვეულ წილს; შედეგად, შესაძლებელია გეოგრაფიული ადგილმდებარეობის დადგენაც.

არქეოლოგ აუში ნაიაკის განცხადებით, ინდოეთთან დაკავშირებულ ინდივიდებს ძლიერ ცვალებადი კვების რაციონი ჰქონდათ. ჩანს კავშირი C3 და C4-სგან მიღებული საკვების წყაროებთან. ეს აღმოჩენა კარგად ეთანხმება გენეტიკურ მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვითაც, ისინი სამხრეთ აზიის სოციოეკონომიკურ ჯგუფთა ნაირსახეობას მიეკუთვნებოდნენ.

ამის საპირისპიროდ, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვიური წარმოშობის ინდივიდთა კვების რაციონში ძალიან ცოტა იყო ფეტვი.

კიდევ უფრო გასაკვირი აღმოჩნდა ამ ჯგუფების მოსვლის სხვადასხვა დროები. რადიონახშირბადული დათარიღების შედეგად ირკვევა, რომ ინდური წარმოშობის ძვლები ტბაში ახ. წ. VII-X საუკუნეებშია მოხვედრილი. შესაძლოა, ისინი სხვადასხვა ჯგუფებსაც ეკუთვნოდნენ და დროის ამ პერიოდში ტბაში სულ სხვადასხვა დროს მოხვდნენ.

თუმცა დანარჩენი ორი ჯგუფი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან და სამხრეთ აზიიდან, ტბაში ახ. წ. XVII-XX საუკუნეებშია მოხვედრილი, სულ რამდენიმე ასეული წლის წინ. შესაძლოა ისიც, რომ ჯერ შეუსწავლელი ჩონჩხები სულ სხვა დროსა და რეგიონებს ეკუთვნის.

მეცნიერთა განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რამ მიიყვანა ეს ადამიანები რუპკუნდის ტბასთან ან რა გახდა მათი სიკვდილის მიზეზი.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია shh.mpg.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.