ჩვენი პლანეტის მიღმა გონიერი არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა ალბათ ყველაზე გარდამტეხი მოვლენა იქნება კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ რა იქნება, თუ მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ კოლექტიურად უგულებელყონ იმის მტკიცებულებები, რომ ეს უკვე მოხდა?
სწორედ ეს საკითხი გახლავთ ერთ-ერთი მოწინავე ასტრონომის ახალო წიგნის წინაპირობა; მეცნიერი ირწმუნება, რომ 2017 წელს მზის სისტემაში შემოჭრილი ვარსკვლავთშორისი ობიექტის ძლიერ უჩვეულო მახასიათებელთა ყველაზე მარტივი და საუკეთესო ახსნა არამიწიერი ცივილიზაციის ტექნოლოგია იყო.
სულელურად გეჩვენებათ? ავი ლოები აცხადებს, რომ მტკიცებულება საპირისპიროს მიუთითებს და დარწმუნებულია, რომ მისი კოლეგები სამეცნიერო საზოგადოებაში იმდენად ძლიერ არიან ჯგუფური აზროვნების მსხვერპლნი, რომ არ სურთ გამოიყენონ ე. წ. ოკამის სამართებელი, ანუ პრინციპი, რომლის მიხედვითაც, პრობლემის ყველაზე მარტივი ახსნა როგორც წესი ყველაზე მარტივი ვერსიაა.
ავი ლოები ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტს ყველაზე დიდხანს ხელმძღვანელობდა, გამოქვეყნებული აქვს ასობით მოწინავე პუბლიკაცია, თანამშრომლობდა სტივენ ჰოკინგთან; მარტივად რომ ვთქვათ, არის საკმაოდ წონიანი ასტრონომი.
„იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ უნიკალურები, განსაკუთრებულები და პრივილეგირებულები ვართ, ქედმაღლობაა. სწორი მიდგომაა ვიყოთ მოკრძალებულნი და ვთქვათ — ჩვენ განსაკუთრებულები არ ვართ, კოსმოსში ჩვენ გარდა კიდევ ძალიან ბევრი კულტურაა და უბრალოდ, მათი პოვნაა საჭირო“, — ამბობს ლოები.
იდუმალებით მოცული ვიზიტორი
ახალ წიგნში, სახელად „არამიწიერი: დედამიწის მიღმა გონიერი სიცოცხლის არსებობის პირველი ნიშანი“, 58 წლის ლოები ირწმუნება, რომ ობიექტი, სახელად „ოუმუამუა“ (ჰავაურ ენაზე „მზვერავი“) არამიწიერი ცივილიზაციებს ეკუთვნოდათ.
ფაქტები კი შემდეგია.
2017 წლის ოქტომბერში, ასტრონომებმა დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც იმდენად სწრაფად მოძრაობდა, რომ აუცილებლად სხვა ვარსკვლავიდან უნდა ყოფილიყო მოსული — პირველი ვარსკვლავთშორისი ვიზიტორი, რომლის დაფიქსირებაც შევძელით.
ამას გარდა, უბრალო კლდოვან ნამსხვრევსაც არ ჰგავდა, რადგან მზის გარშემო შემოვლისას, ის აჩქარდა და მოსალოდნელი ტრაექტორიიდან გადაიხარა, როგორც ჩანს, რაღაც ამოუცნობი ძალის წყალობით.
ამის ახსნა საკმაოდ მარტივი იქნებოდა, ის რომ კომეტა ყოფილიყო, რომელიც აირებსა და ნაშალ მასალას გამოყოფს; თუმცა, ასტრონომებმა მისგან გაზის გამოყოფის აშკარა მტკიცებულება ვერ შენიშნეს.
ობიექტის კიდევ ერთი უჩვეულო მახასიათებელი მაშინ გამოიკვეთა, როდესაც ტელესკოპებით აკვირდებოდნენ მისი სიკაშკაშის მომატებასა და კლებას; ის უჩვეულოდ კაშკაშა იყო, რამაც ზოგიერთს აფიქრებინა, რომ ის კაშკაშა ლითონისგან იყო დამზადებული.
ამის ასახსნელად, ასტრონომებმა ახალი თეორიები წამოაყენეს, მაგალითად, ივარაუდეს, რომ ის წყალბადის ყინულისგან შედგებოდა და სწორედ ამიტომ არ ჰქონდა ხილული კუდი; ზოგიც ვარაუდობდა, რომ ობიექტი შეიძლება მტვრის ღრუბელში ყოფილიყო დამსხვრეული.
„ოუმუამუას სპეციფიკურ მახასიათებელთა ახსნის მიზნით გაჩენილი იდეები ყოველთვის შეიცავდა რაღაც ისეთს, რაც აქამდე არასოდეს გვინახავს. თუ ამ მიმართულებით მივდივართ, რატომ არ უნდა ვივარაუდოთ მისი ხელოვნური წარმომავლობა?“, — ამბობს ლოები.
სინათლით ცურვა
უცაბედი გადაფრენის დროს, ოუმუამუას საკმაოდ ახლოდან გადაღება ვერ შეძლეს; მისი არსებობის შესახებ მხოლოდ მაშინ შევიტყვეთ, როდესაც ის უკვე მზის სისტემას ტოვებდა.
დაფიქსირებულ თავისებურებებს შეესაბამება ორი ფორმა — სიგარის მსგავსი წვრილი და გრძელი, ანდაც ბრტყელი და მრგვალი, ფუნთუშას ფორმის, თითქმის სამართებელივით თხელი.
ლოების განცხადებით, სიმულაციები სწორედ ამ უკანასკნელზე მიუთითებს და სჯერა, რომ ობიექტი მიზანმიმართულად იყო ასეთი ფორმით შექმნილი, როგორც სინათლის იალქანი, რომელსაც მამოძრავებელ ძალას ვარსკვლავური რადიაცია ანიჭებს.
კიდევ ერთი უცნაურობა გახლდათ მისი მარშრუტი. როგორც ჩანს, მზესთან შეხვედრამდე, ოუმუამუა არააქტიური იყო ახლომდებარე ვარსკვლავთა მიმართ, რაც სტატისტიკურად იშვიათია. ლოების აზრით, ის კოსმოსში გაშვებული ხომალდია, რომელიც ჩვენი მზის სისტემაში მოხვდა.
„ალბათ ოუმუამუა ალბათ სამყაროში ჩაგდებული ტივტივასავით იყო. სიცოცხლის გონიერი ფორმის მიერ დატოვებული პასიური სასხლეტი მექანიზმი, რომელიც ვარსკვლავური სისტემის მიერ ამოქმედებას ელოდებოდა“, — წერს ლოები.
კაცობრიობის გაერთიანება
ლოების იდეებს სხვა ასტრონომთა მხრიდან წინააღმდეგობები მოჰყვა.
Forbes-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ასტროფიზიკოსმა ეთან სიგალმა ლოებს „ერთ დროს დაფასებული ასტრონომი“ უწოდა, რომელმაც საკუთარი არგუმენტებით კოლეგების დარწმუნება ვერ შეძლო და ამისათვის საზოგადოებას მიმართა.
თავის მხრივ, ლოები აკრიტიკებს „ბულინგის კულტურას“ აკადემიურ საზოგადოებაში, რომელიც სჯის მათ, ვინც ორთოდოქსულობას ეჭვქვეშ აყენებს — ზუსტად ისე, როგორც გალილეო დასაჯეს, როდესაც მან ივარაუდა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრი არ იყო.
მისი თქმით, თეორიული ფიზიკის სპეკულაციურ, მაგრამ მაინც დაფასებულ მიმართულებებთან, მაგალითად, ბნელი მატერიის ან მულტისამყაროს ძებნასთან შედარებით, არამიწიერი სიცოცხლის ძებნა კვლევის ბევრად უფრო ჯანსაღი მიმართულებაა.
როგორც თავად ამბობს, სწორედ ამიტომ მისდევს ის ჯიუტად ასტრონომიის ახალ შტოს, „კოსმოსურ არქეოლოგიას“, რათა ინადიროს არამიწიერ არსებათა ბიოლოგიურ და ტექნოლოგიურ ხელწერებზე.
„თუკი ვიპოვით ისეთ ტექნოლოგიათა მტკიცებულებას, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში იქმნებოდა, შეიძლება, რომ ამ ტექნოლოგიათა შექმნის უმოკლესი გზა ვიპოვოთ და ისინი დედამიწაზე განვავითაროთ“, — ამბობს ლოები, რომელმაც ბავშვობა ისრაელში, მშობლების ფერმაში გაატარა ფილოსოფიის კითხვასა და ცხოვრების დიდ კითხვებზე ფიქრში გაატარა.
ის ასევე დარწმუნებულია, რომ ასეთი აღმოჩენა მოგვცემს იმის განცდასაც, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ ისეთ დიდ საფრთხეთა წინაშე, როგორიც არის კლიმატის ცვლილება თუ ბირთვული კონფლიქტი.
„ქვეყნების სახით ერთმანეთთან ბრძოლის სახით, რასაც ახლა ხშირად ვაკეთებთ, ალბათ უნდა ვთანამშრომლობდეთ“, — ამბობს ასტროფიზიკოსი ავი ლოები, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტს ყველაზე დიდხანს ხელმძღვანელობდა.
მომზადებულია AFP-ის მიხედვით.