ჰაიკ მარტიროსიანი - აზერბაიჯანის თავდასხმების აღსაკვეთად ერთადერთი გამოსავალია ისტორიული სომხური ტერიტორიების გათავისუფლება, რათა ზავის შემთხვევაშიც კი, სომხეთს გამარჯვებულის სტატუსი ჰქონდეს
ჰაიკ მარტიროსიანი - აზერბაიჯანის თავდასხმების აღსაკვეთად ერთადერთი გამოსავალია ისტორიული სომხური ტერიტორიების გათავისუფლება, რათა ზავის შემთხვევაშიც კი, სომხეთს გამარჯვებულის სტატუსი ჰქონდეს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორ ჰაიკ მარტიროსიანს ესაუბრა.

– თქვენი აზრით, რა უნდა მოხდეს ან რის გაკეთებაა საჭირო, რათა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლი შეწყდეს?

– აზერბაიჯანმა და თურქეთმა განაცხადეს, რომ ძველი სტატუს კვოს აღდგენას არ დათანხმდებიან და გამარჯვებამდე იბრძოლებენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ინტერვიუებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ტონი შერბილდა. როგორც სომეხი პოლიტოლოგი, მივიჩნევ, რომ სტატუს კვოსთან დაბრუნების გეგმა სომხეთის ინტერესებშიც არ უნდა შედიოდეს. აზერბაიჯანის მხრიდან თავდასხმების აღსაკვეთად, ერთადერთი გამოსავალი ისტორიული სომხური ტერიტორიების გათავისუფლება და პოზიციების განმტკიცებაა, რათა სამშვიდობო ზავის შემთხვევაშიც კი, სომხეთს გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი ჰქონდეს. სომხეთში ყველა ხვდება, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების მაგიდასთან თანასწორი ურთიერთობა აზრს მოკლებულია. აზერბაიჯანს უნდა ესაუბრო გამარჯვებულის პოზიციიდან და საკუთარი პირობები უკარნახო, სხვა შემთხვევაში მოსალოდნელია კიდევ თავდასხმები და პროცესი არასდროს გაჩერდება.

– ეუთო-ს მინსკის ჯგუფი ცეცხლი შეწყვეტას და მოლაპარაკებების განახლებას ითხოვს. ჩვენ ვიცით, ამ ფორმატში მოლაპარაკებების დროს საუბარი ეხებოდა კონკრეტული დასახლებების სტატუსის შეცვლას. ხომ არ შეიძლება, ეს იყოს კომპრომისი?

– ჩვენ ვსაუბრობთ იმ რაიონებზე, რომელთა ოკუპაციაც მოახდინა აზერბაიჯანმა და შემდეგ საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობაში შეიყვანეს, მაგრამ მანამდე ეს რაიონები სომხეთის პირველი რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. ეს მტკიცდება ისტორიული რუკებითა და დოკუმენტებით. ამაზე არავინ დავობს, გარდა აზერბაიჯანისა. როგორც ჩანს, ამ საკითხზე საიდუმლო მოლაპარაკებები სომხეთის ყოფილ ხელისუფლებასა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას შორის იმართებოდა. თუმცა, 2016 წლის შემდეგ ეს ვარიანტი სომხური საზოგადოების შეშფოთებას იწვევდა. ახლა კი, სომხეთზე თავდასხმის შემდეგ, ამ თემაზე საუბარი უბრალოდ სისულელე იქნება. ამას სომხეთის ვერც ერთი მთავრობა ვერ გააკეთებს, რადგან ხალხი ამას ვერ აიტანს. აზერბაიჯანის თავდასხმამ სომხეთში ბევრი რამ შეცვალა.  სომხეთის მოქალაქეებისა და დიასპორის აბსოლუტური უმრავლესობა პრობლემის მოლაპარაკებებით გადაჭრის გზას აღარ განიხილავს. პოლიტიკოსებმა რამდენიც უნდა ისაუბრონ, ხალხი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი სამხედრო გზით უნდა გადაიჭრას. თვალსაჩინოა, რომ აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, საკითხი მხოლოდ სამხედრო გზით შეიძლება გადაიჭრას და სომხებიც ანალოგიურად რეაგირებენ.

– რას იტყვით საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ყარაბაღში უცხოელი დაქირავებული მებრძოლები იბრძვიან?

– მიმაჩნია, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნება ადამიანი, ვინც საფრანგეთის დაზვერვის მონაცემებში ეჭვს შეიტანს. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია და მტკიცებულებაც, რომლის მიხედვითაც, თურქეთს ისლამისტი რადიკალები აზერბაიჯანში სომხეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გადაჰყავდა და ახლაც აგრძელებს ამ პროცესს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მსგავს ფაქტებს ფლობენ და გამოქვეყნდა ფოტოები. არსებობს ვიდეომასალაც. ამ ფაქტის უარყოფა არავის შეუძლია. ჩემთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტეს თურქეთმა და აზერბაიჯანმა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ეს პირველ რიგში აზერბაიჯანის დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც სომხეთს აწყობს კიდეც. მეორე მხრივ, ეს ნაბიჯი თურქეთისა და აზერბაიჯანის კამპანიის დისკრედიტაციას იწვევს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემის მიმართ უარყოფითად განაწყობს. ამ ხალხს დაქირავებულებს არ ვუწოდებდი, რადგან დაქირავებული მებრძოლების კერძო კომპანიები არსებობს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში. დაქირავებული მეომრები ყველა თანამედროვე ომის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ისლამისტ ტერორისტებზე, რომელთა განადგურებასაც საერთაშორისო საზოგადოება ახლო აღმოსავლეთში ერთობლივი ძალებით ცდილობს. ეს არის ხალხი, რომლებიც სირიაში, ლიბიასა და სხვა ადგილებში ტერორისტული საქმიანობისთვის ანაზღაურებას იღებდნენ. ასე რომ, ახლა სომხეთი ტერორისტებსაც ებრძვის.

– თურქეთი ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანს, სომხეთი კი, მოლაპარაკებას მართავს რუსეთთან. როგორ ფიქრობთ, საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, შეიძლება კონფლიქტში ეს ქვეყნები ჩაერთონ?

– არ მგონია, რომ რუსეთმა თურქეთთან იომოს. ძალიან რთული სათქმელია, რა პროცესები მიმდინარეობს ერევანსა და მოსკოვს, მოსკოვსა და ანკარას შორის, რადგან ეს მოლაპარაკებები საჯარო არ არის. ახლა რუსეთი არ ერევა შექმნილ ვითარებაში, ხოლო სომხეთი ღიად არ ითხოვს დახმარებას არც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისგან და არც რუსეთისგან. სომხეთში დღეს ბევრს ფიქრობს და ვარაუდობს, რომ მოსკოვმა ერევანს განუმარტა – რუსეთი იმ შემთხვევაში ჩაერევა კონფლიქტში ან შეაჩერებს თავდასხმას აზერბაიჯანსა ან თურქეთზე ზეწოლით, თუ ერევანი დათანხმდება მთიან ყარაბაღში რუსი ან საერთაშორისო სამშვიდობოების განლაგებას. ამ ვარიანტს სომეხი ხალხი ეწინააღმდეგება. არა იმისი გამო, რომ ეს რუსეთია, არამედ იმიტომ, რომ სომეხ ხალხს მთიან ყარაბაღში არც ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგება არ სურს. ბევრი ვარაუდობს, რომ სწორედ ამის გამო არ სთხოვს სომხეთის პრემიერ-მინისტრი დახმარებას რუსეთს.

– როგორ უნდა გადაწყდეს  ყარაბაღის საკითხი, სომხეთში ალაპარაკდნენ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებაზეც…

– სომხურ მხარეს ორი პროცესი მიმდინარეობს. ერთი საჯაროა, მეორე ფარული. მოგეხსენებათ, ომის პირობებში ყველაფერს ვერ გაასაჯაროვებ. იყო წინადადებები, რომ სომხეთმა მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნოს. ამას მთავრობა განიხილავს, თუმცა კიდევ არის სპეციალისტების, ექსპერტებისა და საზოგადოების წევრების დიდი ჯგუფი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მთიანი ყარაბაღი და შემდგომში გათავისუფლებული შვიდი რაიონიც, სომხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში უნდა შევიდეს. ამის ლეგალურ საფუძვლად ასახელებენ გაერო-ს  წინამორბედი ორგანიზაციის, ერთა ლიგის მიერ 1920 წლის 24 თებერვალს მიღებული დოკუმენტს.

– და ბოლოს, მინდა გკითხოთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე, რომელიც მოლაპარაკებებში შუამავლობის ინიციატივით გამოვიდა…

– საქართველო წინადადებას სომხეთში დადებითად აფასებენ. საქართველოსა და სომხეთს კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვთ. საქართველო მეგობრობს აზერბაიჯანთანაც. ამიტომ, ლოგიკურია, რომ საქართველო დაინტერესებულია მშვიდობის აღდგენით, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ვიდრე ბრძოლის ველზე ვითარება არ შეიცვლება, მოლაპარაკებებზე საუბარი ზედმეტია. შესაძლოა, ახლა მდგომარეობა აზერბაიჯანისთვის მომგებიანი აღარ არის, რადგან აზერბაიჯანულ მხარეს დიდი დანაკარგი აქვს. ისინი შესაძლოა, ფიქრობდნენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ეს ვითარება მიუღებელია სომხეთისთვისაც, რადგან სერიოზული წინსვლა სომხეთს ან არ აქვს ან ამაზე ჯერ ღიად არ საუბრობენ. თუმცა, ერევანში ჭორები დადის, რომ სომხეთმა  დიდი ტერიტორიების გათავისუფლება შეძლო. სომხეთი  საქართველოს შეთავაზებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მას ექნება სამხედრო თვალსაზრისით პოზიტიური შედეგი. სომხეთის არც ერთი ხელისუფლება არ დათანხმდება უბრალოდ სტატუს კვოს აღდგენას.