ნიკოლ ფაშინიანი – არ შეგვიძლია, დავთმოთ ჩვენი სუვერენული ტერიტორიის ერთი მილიმეტრი, სხვა საქმეა, როცა ვამბობთ, რომ საზღვრის დადგენა გვჭირდება

21:14, 01.05.2024

ჩვენ არ შეგვიძლია, დავთმოთ ჩვენი სუვერენული ტერიტორიის ერთი მილიმეტრი. სხვა საქმეა, როცა ვამბობთ, რომ საზღვრის დადგენა გვჭირდება, რომ წავიდეთ და განვსაზღვროთ ეს საზღვარი მიწაზე, უკვე ჩამოყალიბებული პრინციპებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის ინტერესებშია, რომ საბოლოოდ განისაზღვროს რეგიონში ცხოვრების ფორმულა გარე დახმარებისა და სპონსორობის გარეშე.

საუბრისას, თუ რა მოხდება უახლოეს დღეებში სოფელ კირანცში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფლის მოსახლეობის ინტერესები მთავრობის ყურადღების ცენტრშია.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ თითოეული მათგანის უფლებები, ღირსება და უსაფრთხოება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

კირანცის ადმინისტრაციული ოლქის უფროსის, კამო შაჰინიანის განცხადებით, მთავრობამ 60-პროცენტიანი გარანტია მისცა, რომ სოფლის არცერთი სახლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ აღმოჩნდება. კირანცის თემის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წინასწარი გაანგარიშებით, საზღვრის დელიმიტაციის შემდეგ აზერბაიჯანს ორი სახლი გადაეცემა, მაგრამ კიდევ 8-9 სახლი ძალიან ახლოსაა ამ საზღვართან და იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება.

მსგავსი