ნიკოლ ფაშინიანი - არ შეგვიძლია, დავთმოთ ჩვენი სუვერენული ტერიტორიის ერთი მილიმეტრი, სხვა საქმეა, როცა ვამბობთ, რომ საზღვრის დადგენა გვჭირდება
ნიკოლ ფაშინიანი - არ შეგვიძლია, დავთმოთ ჩვენი სუვერენული ტერიტორიის ერთი მილიმეტრი, სხვა საქმეა, როცა ვამბობთ, რომ საზღვრის დადგენა გვჭირდება

ჩვენ არ შეგვიძლია, დავთმოთ ჩვენი სუვერენული ტერიტორიის ერთი მილიმეტრი. სხვა საქმეა, როცა ვამბობთ, რომ საზღვრის დადგენა გვჭირდება, რომ წავიდეთ და განვსაზღვროთ ეს საზღვარი მიწაზე, უკვე ჩამოყალიბებული პრინციპებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის ინტერესებშია, რომ საბოლოოდ განისაზღვროს რეგიონში ცხოვრების ფორმულა გარე დახმარებისა და სპონსორობის გარეშე.

საუბრისას, თუ რა მოხდება უახლოეს დღეებში სოფელ კირანცში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფლის მოსახლეობის ინტერესები მთავრობის ყურადღების ცენტრშია.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ თითოეული მათგანის უფლებები, ღირსება და უსაფრთხოება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

კირანცის ადმინისტრაციული ოლქის უფროსის, კამო შაჰინიანის განცხადებით, მთავრობამ 60-პროცენტიანი გარანტია მისცა, რომ სოფლის არცერთი სახლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ აღმოჩნდება. კირანცის თემის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წინასწარი გაანგარიშებით, საზღვრის დელიმიტაციის შემდეგ აზერბაიჯანს ორი სახლი გადაეცემა, მაგრამ კიდევ 8-9 სახლი ძალიან ახლოსაა ამ საზღვართან და იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება.