თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი აზერბაიჯანში „ბაქოს პროცესის“ ფარგლებში გამართულ კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმს დაესწრო. ფორუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა.

სამდღიან ფორუმს ესწრებოდნენ 110 ქვეყნის წარმომადგენლები – კულტურის მინისტრები, რელიგიური ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, მეცნიერები და პოლიტიკოსები.

ფორუმის დისკუსია მიეძღვნა თემას – „დიალოგი მშვიდობისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის: თანამშრომლობა და ურთიერთკავშირი“.

პანელური დისკუსიის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა სიტყვით მიმართა 110 ქვეყნის წარმომადგენლებს, ისაუბრა საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ თუ რელიგიურ ღირებულებებსა და მსოფლიოს ქვეყნებთან მჭიდრო და მშვიდობიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

VI მსოფლიო ფორუმის მიზანია კულტურათა დიალოგის ხელშეწყობა.

პანელურ დისკუსიებზე განიხილეს კულტურათაშორისი კომუნიკაციებისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები, იმსჯელეს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, კულტურული და ტურისტული მარშრუტების, რელიგიათაშორისი დიალოგის, კლიმატის ცვლილების, არალეგალური მიგრაციის შესახებ და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გამოწვევების ერთობლივად დაძლევის გზებზე.

„„ბაქოს პროცესი“, რომლის ფარგლებშიც კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმი იმართება, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ 2008 წელს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით დააფუძნა. „ბაქოს პროცესის“ წარმატება და ფასდაუდებელი როლი კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობის თვალსაზრისით არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა და გადაწყვეტილებებში. მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით, ბაქოში მიმდინარე ფორუმი კულტურათაშორისი დიალოგის ხელშემწყობი ძირითადი გლობალური პლატფორმაა. ამასთანავე, იუნესკო-ს აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს „ბაქოს პროცესს“ და მის ყველა წევრ სახელმწიფოსა და გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებს მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.