ჰაბლმა ორ შთამბეჭდავ პლანეტურ ნისლეულს ისტორიული ფოტოები გადაუღო
ჰაბლმა ორ შთამბეჭდავ პლანეტურ ნისლეულს ისტორიული ფოტოები გადაუღო

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ფოტოგადაღების სრული შესაძლებლობები კიდევ ერთხელ წარმოაჩინა — გადაიღო პლანეტური ნისლეულების ორი ახალი ფოტო. სურათები ასახავს ახლომდებარე ორ ახალგაზრდა პლანეტურ ნისლეულს, NGC 6302-ს, იგივე პეპლის ნისლეულს და NGC 7027-ს, იგივე ბაღლინჯოს ნისლეულს. ორივე მათგანი ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე მტვრიანი პლანეტური ნისლეულებია და შეიცავენ უჩვეულოდ დიდი ოდენობით გაზს, რის გამოც, მეცნიერებისთვის ისინი საკმაოდ საინტერესო ობიექტებია.

ვარსკვლავების, როგორც ბირთვული სინთეზის „ძრავების“ უმეტესობა მშვიდად ცოცხლობს მილიონობით და მილიარდობით წლის განმავლობაში. თუმცა, სიცოცხლის მიწურულს, მათი სიმშვიდე ირღვევა და კოსმოსში ტყორცნიან გარსის ცხელი გაზის ჭავლებს. სწორედ ასეთი მშფოთვარე მოვლენები მიმდინარეობს ამ ორ პლანეტურ ნისლეულში და მასზე დაკვირვებისთვის ასტრონომებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენეს. თითოეული ნისლეულის ცენტრში მოთავსებული ვარსკვლავიდან გამოტყორცნილ ჭავლებში და გაზის ბუშტებში მკვლევრებმა უპრეცედენტო დონის კომპლექსურობა და სწრაფი ცვლილებები აღმოაჩინეს. ჰაბლის წყალობით, მეცნიერებმა ამ ქაოსის წარმმართველი მექანიზმის უკეთ შესწავლა შეძლეს.

ჰაბლს ეს ორი ობიექტი წარსულშიც აქვს გადაღებული, მაგრამ არა ფართო ხედვის კამერით. მისი ტალღის სიგრძის სრული დიაპაზონით, რომელიც დაკვირვებებს ახლო ულტრაიისფერ და ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში ახორციელებს.

„ჰაბლის მიერ ტალღის მრავალ სიგრძეში ჩატარებულ ამ დაკვირვებათა შედეგად მივიღეთ ამ შთამბეჭდავ ნისლეულთა ამ დრომდე ყველაზე სრულყოფილი ხედი. როდესაც ტელესკოპიდან გადაღებულ ფოტოებს ვტვირთავდი, ისე ვიყავი, როგორც ბავშვი ტკბილეულის მაღაზიაში“, — ამბობს ახალი კვლევის ავტორი, როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი ჯოელ კასტნერი.


ჰაბლის ახალ ფოტოებზე მკაფიო დეტალებში ჩანს, როგორ იხლიჩება თითოეული ეს ნისლეული საკმაოდ მოკლე დროში, რის შედეგადაც, ასტრონომება გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მომხდარი ცვლილებებიც იხილეს; მრავალ ტალღის სიგრძეში გადაღებული ხედის წყალობით, მიჰყვნენ შოკური ტალღების ისტორიასაც. ეს ტალღები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ახალი, სწრაფი ვარსკვლავური ქარები ვარსკვლავიდან ერევიან ვარსკვლავიდან ამოტყორცნილ უფრო ნელა მოძრავ გაზსა და მტვერს; შედეგად წარმოიქმნება ბუშტის მსგავსი ღრუები და კარგად გამოკვეთილი კედლები.

მკვლევრები ეჭვობენ, რომ თითოეული ამ ნისლეულის გულში იყო ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი ვარსკვლავი. ასეთი ცენტრალური „დინამიკური წყვილის“ მტკიცებულებას წარმოადგენს ამ ნისლეულების უცნაური ფორმები.

პლანეტურ ნისლეულებში ასეთი სტრუქტურების წარმოქმნის წამყვანი თეორიის მიხედვით, ბინარულ სისტემებში ერთ-ერთი ვარსკვლავი მასას კარგავს. ორი ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო იმდენად ახლოს მოძრაობს, რომ თანდათანობით ერთმანეთთან ურთიერთქმედებს, რის შედეგადაც ერთი ან ორივე ვარსკვლავის გარშემო წარმოიქმნება გაზის დისკო. ამის შემდეგ, დისკო ისვრის ჭავლებს, რომლებიც გამავალი გაზის პოლარულად მიმართულ ნაწილებს აბრტყელებს.

კიდევ ერთი პოპულარული ჰიპოთეზის მიხედვით, წყვილის უფრო პატარა ვარსკვლავი შეიძლება ერწყმის თავის უფრო გაბერილ, სწრაფად განვითარებად კომპანიონ ვარსკვლავს. ასეთმა ხანმოკლე ბინარულ ვარსკვლავთა კონფიგურაციამ ასევე შეიძლება წარმოქმნას არამდგრადი ჭავლები, რომლებიც შემდეგ ქმნიან პლანეტური ნისლეულებისთვის დამახასიათებელ ბიპოლარულ, გარეთ გამდინარე ნაკადებს. თუმცა, ამ პლანეტურ ნისლეულებში ასეთი კომპანიონი ვარსკვლავი ამ დრომდე დაფიქსირებული არ არის. მკვლევართა აზრით, ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ეს კომპანიონები შეიძლება უკვე გადაყლაპეს გაცილებით დიდმა და კაშკაშა წითელმა გიგანტმა ვარსკვლავებმა.

NGC 6302, რომელსაც პეპლის ნისლეულს უწოდებენ, გამოირჩევა S-ის ფორმის მახასიათებლით, რომელიც ფოტოზე მოწითალო-მონარინჯისფროდ ჩანს. წარმოიდგინეთ ბალახის სარწყავი მოწყობილობა, რომელიც ფართოდ ბრუნავს და S-ის ფორმის ორ ჭავლს ისვრის. ამ შემთხვევაში, სარწყავი დანადგარი ვარსკვლავია და წყლის ნაცვლად ის დიდი სიჩქარით ისვრის გაზს. S-ის ფორმის მახასიათებელში შეიმჩნევა ერთხელ იონიზებული რკინის ატომები, რაც ნელა და სწრაფად მოძრავი ქარების შეჯახების მანიშნებელია; ასეთი რამ ძირითადად შეიმჩნევა აქტიურ გალაქტიკურ ბირთვებში და სუპერნოვას ნარჩენებში, მაგრამ იშვიათად პლანეტურ ნისლეულებში.

მეორე ფოტოზე ასახულია NGC 7027, იგივე ბაღლინჯოს ნისლეული. როგორც მისი მახასიათებლები მიუთითებს, საუკუნების განმავლობაში, ბოლო დრომდე, ის ნელა ფართოვდებოდა .

მომზადებულია spacetelescope.org-ის მიხედვით.