ჰაბლმა მზის სისტემაში უნიკალური ტიპის ობიექტი აღმოაჩინა
21:41, 21.09.2017
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა უკვე არაერთხელ იხილა მრავალი უცნაური რამ, რაც მარტივი აღქმის საზღვრებს სცდება. მის სიას კიდევ ერთი შეემატა — ბინარული ასტეროიდი, რომელიც ამავე დროს კომეტაცაა.
ასტრონომებმა ეს წყვილი ასტეროიდთა სარტყელში შენიშნეს — ერთმანეთს გარს უვლიან და გზადაგზა მტვრის კვალს ტოვებენ. ისინი არა მხოლოდ ულამაზესი მაგალითია იმისა, თუ როგორ ამსხვრევს ბუნება ჩვენ მიერ შექმნილ კატეგორიებს, არამედ სვამს საინტერესო კითხვებსაც: რამდენი ასეთი ჰიბრიდი შეიძლება იყოს ჩვენ მიღმა?
ბინარული სისტემა პირველად 2006 წელს შენიშნეს, ასტეროიდთა საძიებო პროგრამა Spacewatch-ის ფარგლებში და 2006 VW139 უწოდეს.
ობიექტის შესახებ გარკვეული ცნობების მიღება ასტრონომებმა მხოლოდ 2012 წელს შესძლეს. ეს იყო ასტეროიდი კომეტის მსგავსი თვისებებით, კერძოდ, ტოვებდა კუდს.
ე. წ. ძირითადი სარტყლის კომეტები ახალი არაა, მაგრამ მათ ერთმანეთთან არავითარი საერთო არ აქვთ. ეს ასტეროიდი ერთ-ერთია აქამდე აღმოჩენილ უამრავ მსგავს ობიექტს შორის.
თუმცა, რაც მას ყველასაგან განასხვავებს და რითაც ის უნიკალურია, ისაა, რომ იგი ორი ნაწილისგან შედგება.
2006 VW139 შედგება ორი ერთნაირი ზომის ნამსხვრევისგან, რომლებიც ერთმანეთს გარს უვლიან 100 კმ მანძილიდან.
რატომ გაიყო ობიექტი ორად — ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება და საჭიროა დაკვრვებები უფრო ახლოდან.
იქიდან გამომდინარე, რომ გასული წლის სექტემბერში ტყუპები მზესთან საკმაოდ ახლოს მივიდნენ, NASA-მ მათკენ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი მიმართა, რათა მათი ბირთვებისა და კუდისთვის სუფთა სურათები გადაეღო და დაემტკიცებინა, რომ მათ კომეტის თვისებებიც აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზონაში, როგორც წესი, კომეტები არ არის.
„მზიდან მომდინარე სიცხის გაზრდასთან ერთად, დავაფიქსირეთ წყლის ყინულის სუბლიმაციის ძლიერი ნიშნები — იმ პროცესის მსგავსი, რომლის შედეგადაც კომეტის კუდი წარმოიქმნება“, — ამბობს ჯგუფის ხელმძღვანელი, გერმანიის მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევების ინსტუტუტის მკვლევარი ჯესიკა აგარვალი.
მკვლევართა აზრით, 2006 VW139 დაახლოებით 5000 წლის წინ გაიხლიჩა ბრუნვის დროს წარმოქმნილი დაძაბულობის გამო; ნაწილაკებიდან გამომავალი წყლის ორთქლი კი მათ თანდათან უფრო აშორებდა ერთმანეთს.
მთავარი კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელი რჩება, არის ის, თუ რამდენადაა გავრცელებული ასეთი სისტემები მზის სისტემის შიდა ნაწილში.
„გვესაჭიროება მეტი თეორიული და დაკვირვებადი მუშაობა, ისევე როგორც კიდევ უფრო მეტი მსგავსი ობიექტის პოვნა, რათა ამ შეკითხვას პასუხი გავცეთ“, — ამბობს აგარვალი.
იმედი ვიქონიოთ, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, აღმოვაჩენთ ყინულის უფრო მეტ ასეთ ასტეროიდს, რაც თავის მხრივ, დამატებით ცნობებს მოგვაწვდის ასტეროიდთა სარტყლის შესახებ.