ჰაბლმა მომაკვდავ, შთამბეჭდავ ვარსკვლავს წარმოუდგენლად დეტალური ფოტო გადაუღო
ჰაბლმა მომაკვდავ, შთამბეჭდავ ვარსკვლავს წარმოუდგენლად დეტალური ფოტო გადაუღო

ორმაგი, ანუ ბინარული ვარსკვლავის სიკვდილი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მოვლენაა. ისინი გრუხუნებენ და იფრქვევიან, მატერიის გარე ნაწილსა და ელექტრომაგნიტურ რადიაციას კოსმოსში სტყორცნიან.

ამ პროცესს შეიძლება ძალიან დიდი დრო დასჭირდეს. რაც უფრო მასიურია ვარსკვლავი, მით უფრო შთამბეჭდავია მისი სასიკვდილო ფოიერვერკი.

ჩვენგან 7500 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ორმაგი ვარსკვლავი გემის ხერხემლის ეტა (Eta Carinae) მართლაც საკმაოდ მასიურია. მისი ორი ვარსკვლავი მზეზე 90-ჯერ და 30-ჯერ მასიურია.

გამომდინარე აქედან, ეჭვგარეშეა, რომ მათი სიკვდილი მართლაც გასაოცარი უნდა იყოს. სასიკვდილო გზას კი ისინი დაახლოებით 200 წლის წინ დაადგნენ.

ალბათ არ დაგჭირდებათ შეხსენება, რომ ეს პროცესი 7500 წლის წინ მოხდა, მაგრამ რადიაციამ და სინათლემ ჩვენთან მხოლოდ ახლაღა მოაღწია.

გემის ხერხემლის ეტა 1838 წელს შთამბეჭდავად ამოიფრქვა. 1844 წლის აპრილისთვის, ის ღამის ცის მეორე ყველაზე კაშკაშა ობიექტი იყო. ამ დროს მან კოსმოსში 40 მზის მასის ეკვივალენტი მატერია გამოტყორცნა, რამაც მის გარშემო ჰომონკულუსის ნისლეული წარმოქმნა.

მომაკვდავ ორმაგ ვარსკვლავს მას შემდეგ არაფერი დრამატული აღარ ჩაუდენია. თუმცა, როგორც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ახალი ფოტოებზე ჩანს, ის მის მიერვე წარმოქმნილ კაშკაშა ღრუბელშია მოქცეული და კიდევ აქტიურია.

ახალი ფოტოების გადასაღებად მეცნიერებმა ჰაბლის ფართო ხედვის კამერა გამოიყენეს. კვლევის მიზანი ინფრაწითელ სინათლეში მაგნიუმის ნათებაზე დაკვირვება იყო.

ჰომონკულუსის ნისლეული ორნაწილიანია, ანუ აქვს გარე მიმართულებით გაფართოებადი მატერიის ორი ბუშტი. 40 მზის მასის ტოლი ეს გაზი და მტვერი დიდმა ვარსკვლავმა გამოტყორცნა. მკვლევართა ჯგუფი ვარაუდობდა, რომ ნისლეულის გარშემო იპოვიდა შოკური ტალღების მიერ გაცხელებულ აზოტის აირის ფილამენტებში შერეულ მაგნიუმს; ის ფოტოზე წითლად ჩანს.

ისინი მის პოვნას ნამდვილად არ ელოდნენ აზოტსა და ბუშტებს შორის არსებულ სივრცეში. მაგრამ ის იქ მართლა დაფიქსირდა. ფოტოზე მას ლურჯად ხედავთ.

არიზონის უნივერსიტეტის ასტრონომის, ნათან სმიტის განცხადებით, მათ აღმოაჩინეს დიდი ოდენობით თბილი გაზი, რომელიც 1838 წლის ამოფრქვევისას გამოიტყორცნა, მაგრამ ჯერ არ შეჯახებია გემის ხერხემლის ეტას გარშემო არსებულ სხვა მატერიას.

მისივე თქმით, გამოტყორცნილი მატერიის უმეტესობა სწორედ იქაა განლაგებული, სადაც სიცარიელის არსებობას ვარაუდობდნენ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1838 წელს ამ კაშკაშა ბუშტების გამოტყორცნამდე, ვარსკვლავი სავარაუდოდ უკვე კარგავდა მატერიას. მას უბრალოდ აქამდე ვერ ვხედავდით, რადგან ის ხილულ ტალღის სიგრძეში არაა და არ ვეძებდით შესაფერისი ინსტრუმენტებით.

ქვედა მარცხენა ბუშტის ქვემოთ არსებულ ლურჯ რეგიონში თქვენ ხედავთ რაღაც ამ დრომდე არნახულს — ზოლებს. ისინი წარმოქმნილია ბუშტიდან გამოსული ულტრაიისფერი სინათლე; ზოგიერთ მათგანს მტვრის სქელი რეგიონები ბლოკავს, რაც ჩრდილებს წარმოქმნის. ეს ყველაფერი ღრუბლებში გამავალ მზის სხივებს წააგავს, ოღონდ გაცილებით დიდ მასშტაბში.

ამავე დროს, მეცნიერებმა არ იციან, როდის აფეთქდება გემის ხერხემლის ეტა, რადგან ვერ ვხედავთ ნისლეულს შიგნით მოქცეულ ვარსკვლავებს. შესაძლოა, ეს ხვალაც მოხდეს. შეიძლება ათობით ათასი წლის შემდეგ. გვქონდეს იმედი, რომ ამ საოცარ სანახაობას ჩვენც მოვესწრებით.

მაღალი რეზოლუციის ფოტო შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მომზადებულია spacetelescope.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.