ჰაბლმა დრო-სივრცის გამამრუდებელი უიშვიათესი აინშტაინის რგოლი გადაიღო
ჰაბლმა დრო-სივრცის გამამრუდებელი უიშვიათესი აინშტაინის რგოლი გადაიღო

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ახალ ფოტოზე ასახულია გალაქტიკათგროვას გარშემორტყმული უნაკლო რგოლი — უზარმაზარი მასის ვიზუალური მანიშნებელი, რომელიც ამ რეგიონში დროსა და სივრცეს ამრუდებს.

გალაქტიკათგროვა SDSS J0146-0929 შეიცავს გრავიტაციის ძალით ერთად თავმოყრილ ასობით გალაქტიკას. ამ რეგიონში იმდენად დიდი მასაა თავმოყრილი, რომ გროვა ამრუდებს მის უკან მდებარე ობიექტებიდან მომდინარე სინათლეს. ამ ფენომენს აინშტაინის რგოლს უწოდებენ.

ეს რგოლი წარმოიქმნება მაშინ, როცა შორეული ობიექტებიდან, „მაგალითად, გალაქტიკებიდან მომდინარე სინათლე გაივლის უკიდურესად დიდ მასაში, მაგალითად, გალაქტიკათგროვებში“, — ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.


„ამ ფოტოზე, უკანა ფონზე მდებარე გალაქტიკის სინათლე მიმართულებაშეცვლილი და გამრუდებულია მასიური გროვის მიერ და იძულებულია, დედამიწისკენ მომავალ გზაზე გაიფანტოს მრავალი სხვადასხვა მიმართულებით, რაც ისე ჩანს, თითქოს გალაქტიკა ერთდროულად მრავალ სხვადასხვა ადგილას მდებარეობდეს“.

რგოლს სახელი ალბერტ აინშტაინის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც მის შესახებ ჯერ კიდევ 1900-იან წლებში წერდა ფარდობითობის ზოგად თეორიაში. აინშტაინი ვარაუდობდა, რომ მასიური ობიექტი დროსა და სივრცეს უნდა ამრუდებდეს. ეს პროცესი დღეისათვის გრავიტაციული ლინზირების სახელითაა ცნობილი. როდესაც მასიური გალაქტიკები ან გალაქტიკათგროვები ისე ჩამწკრივდებიან, რომ მათ უკანა ფონზე მოექცევა უფრო შორეული ობიექტები, წარმოიქმნება აინშტაინის რგოლი, ანუ გრავიტაციული ლინზის ერთ-ერთი ტიპი.

აინშტაინის რგოლები (და ზოგადად გრავიტაციული ლინზები) ასტრონომებს უზარმაზარ უპირატესობას აძლევს, როცა ისინი შორეულ ობიექტებზე დაკვირვებას ცდილობენ. რგოლები და ლინზები ადიდებს და ხილულს ხდის იმდენად შორს მდებარე ისეთ ობიექტებს, რომელთა დანახვა თანამედროვე ტელესკოპებითაც კი შეუძლებელი იქნებოდა.


მაგალითად, აღსანიშნავია 2015 წლის შემთხვევა, როცა აინშტაინის რგოლის წყალობით, ასტრონომებმა ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონი შენიშნეს შორეულ გალაქტიკაში, რომელიც დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 2,4 მილიარდი წლის შემდეგ არის წარმოქმნილი. შედეგად, ძალიან ბევრი ცნობა მივიღეთ სამყაროს ადრეულ გალაქტიკათა შესახებ.

კიდევ ერთი აინშტაინის რგოლი შენიშნეს 2016 წელს, მოქანდაკის ჯუჯა გალაქტიკის ვარსკვლავთა ჯგუფში.

ასტრონომთა განცხადებით, ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილია ნაწილობრივი ან სრული ათამდე აინშტაინის რგოლი. მათი თქმით, სულ მალე იგემება მოქანდაკის გალაქტიკაში არსებული აინშტაინის რგოლის გამოყენება ბნელი მატერიის ბუნების შესასწავლად.

შესაძლოა, ამ კვლევამ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინოს და გაცილებით მეტი რამ შევიტყოთ სამყაროს სტრუქტურის შესახებ, რადგან მისი 80 პროცენტი სწორედ ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიისგან შედგება, რომლებზე პირდაპირი დაკვირვებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით