ჰაბლის სახელგანთქმული ფოტოს ახალი ვერსია გულგრილს ვერ დაგტოვებთ — #1tvმეცნიერება
15:31, 02.04.2021
ვარსკვლავები ცეცხლითა და რისხვით კვდებიან.
სიკვდილის დროს თრთიან და ირყევიან, შიგნეულობას კი კოსმოსში ტყორცნიან; აფეთქების შემდეგ, ვარსკვლავის ადგილას მისი ნარჩენების მანათობელი ღრუბელი რჩება.
სწორედ ასეთი მოვლენის შედეგად წარმოიქმნა ვუალის ნისლეული, გამჭვირვალე მონაკვეთი უფრო დიდ სუპერნოვას ნარჩენში, რომელსაც გედის მარყუჟს უწოდებენ; ეს უკანასკნელი დაახლოებით 10 000 წლის წინ წარმოიქმნა, მზეზე 20-ჯერ მასიური ვარსკვლავის სუპერნოვად აფეთქების შედეგად.
თუ კოსმოსის ფოტოები გხიბლავთ (ან მეცნიერების რომელ მოყვარულს არ მოსწონს?), ალბათ ის ნანახიც გექნებათ — 2015 წელს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული შთამბეჭდავი ფოტო, რომელზეც ჩანს კოსმოსის წყვდიადში გადაჭიმული, ცისარტყელას ფერებში აჭრელებული ფილამენტები.
ახლახან, მეცნიერებმა ჰაბლის ეს მონაცემები ახალი ტექნოლოგიებით ხელახლა დაამუშავეს და გაზის ძაფების უფრო დეტალურ ხედს გვთავაზობენ.
ვუალის ნისლეული ჩვენგან დაახლოებით 2100 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, გადაჭიმულია თითქმის 110 სინათლის წლის მანძილზე; ფორმას აძლევს მძლავრი ვარსკვლავური ქარი, რომელიც ვარსკვლავის აფეთქებამდე დაიძრა.
ეს ქარი მომაკვდავი ვარსკვლავის მიერ უკვე გამოტყორცნილ გაზში შეიჭრა და მასში „ღრმულები“ გააჩინა. როდესაც ამ რეგიონს სუპერნოვას შოკურმა ტალღამ დაარტყა, მოხდა ურთიერთქმედება ღრმულების კედლებთან, ენერგია მისცა შიგნით არსებულ გაზს და წარმოქმნა კომპლექსური, ფილამენტური სტრუქტურა.
ასეთი ფოტოები მხოლოდ მომაჯადოებელი როდია — ისინი ასტრონომებს ასეთ ვარსკვლავთშორის პროცესთა უკეთ შესწავლაშიც ეხმარება. მაგალითად, ამ ფოტოზე სხვადასხვა გაზები ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებულ სინათლის ტალღის სიგრძეში ასხივებს, რასაც შესაბამის ფერს ანიჭებენ — ცისფერი ორმაგად იონიზებულ ჟანგბადს ასახავს, წითელი კი იონიზებულ წყალბადსა და აზოტს.
მწვანე აირებს შოკურმა ტალღამ ცისფერზე უფრო გვიან დაარტყა, შესაბამისად, მათ საკმარისი დრო ჰქონდათ გაციებისა და ფუმფულა, ქაოსური ფორმების მისაღებად.
იმის გამო, რომ ეს ნისლეული ჯერ კიდევ ფართოვდება, ამ ფილემანტებისა და მათი შემადგენლობის შესწავლა გვეხმარება ამ ღრუბლის სტრუქტურის უკეთ შესწავლაში, გვეუბნება, როგორ ურთიერთქმედებს მასთან სუპერნოვას შოკური ტალღა. გარდა ამისა, შესაძლებელია სხვადასხვა დროს გადაღებული ასეთი სურათების ერთმანეთთან შედარებაც, რაც გვეუბნება, რა სისწრაფით გადაადგილდება შოკური ტალღა.
ჰაბლის მიერ ამ ნისლეულზე 2015 წელს ჩატარებული დაკვირვებები 1997 წელს გადაღებულ ფოტოებს შეადარეს, რასაც ზემოთ ვიდეოში ხედავთ; შედეგად, მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ნისლეული საათში 1,5 მილიონი კილომეტრით ფართოვდება. შედარებისათვის კი გეტყვით, რომ დედამიწის დიამეტრი მხოლოდ 12 742 კილომეტრია.
ასე დრამატულად მომკვდარი ახალგაზრდა ვარსკვლავის ნარჩენები თანდათანობით გაქრება და ვარსკვლავთშორის სივრცეში გაიფანტება. ვარსკვლავებისთვისაც კი, ოდესღაც ყველაფერი მთავრდება.
ამ შთამბეჭდავი ნისლეულის ფოტოები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ვებგვერდიდან.