ჰაბლის ფოტო ნასამ შემზარავ მუსიკად გარდაქმნა
ჰაბლის ფოტო ნასამ შემზარავ მუსიკად გარდაქმნა

სამყარო უბრალოდ საოცარია. სავსეა უთვალავი ვარსკვლავით, პლანეტით, შავი ხვრელითა თუ ამოუხსნელი საიდუმლოებით.

თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მას ერთი რამ აკლია — ხმა. დედამიწაზე ხმები გვესმის იმიტომ, რომ ამაში ჩვენი პლანეტის აირების მოლეკულები გვეხმარება. მის მიღმა, კოსმოსში, წარმოუდგენელი სიწყნარე სუფევს.

საბედნიეროდ, ეს ფაქტორი სულაც არ უშლის ხელს ნასას, შექმნას ხმა უხმო სივრცისთვის. უფრო კონკრეტულად — ნასამ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტო გაახმოვანა.

ამ პროექტისთვის გამოყენებული ფოტო ჰაბლის კამერებმა გასული წლის აგვისტოში გადაიღო.

ჰაბლზე მომუშავე მეცნიერები ამ სურათს „გალაქტიკური განძის ზარდახშას“ უწოდებენ, რადგან მასზე აღბეჭდილია უამრავი გალაქტიკა.

„წერტილებივით გამოსახული თითოეული გალაქტიკა უთვალავ ვარსკვლავს შეიცავს“, — განმარტავს ნასა.

უკანა ფონზე კაშკაშებს ჩვენთან შედარებით ახლოს მდებარე რამდენიმე ვარსკვლავი, ფოტოს ცენტრში კი ჩანს მასიური გალაქტიკათგროვა. საერთო ჯამში, ფოტოზე ასახულია ათასობით გალაქტიკა, რომლებსაც გრავიტაციის ულმობელი ძალა ერთად უყრის თავს.

თუმცა, რამდენად მომაჯადოებელიც არ უნდა იყოს ეს ფოტო, მან უკვე მიაღწია ახალ დონეს, რადგან ის განსაცვიფრებლად შემზარავ მუსიკალურ კომპოზიციად გარდაქმნეს.

ხმოვანი ფოტოს შემქმნელი ჯგუფი განმარტავს, რომ სურათის სხვადასხვა ადგილები და ელემენტები სხვადასხვა ხმებს წარმოქმნის.

ვარსკვლავები და კომპაქტური გალაქტიკები წარმოქმნის მოკლე და სუფთა ხმებს, სპირალური გალაქტიკები კი უფრო კომპლექსურ ნოტებს.

„დრო მარცხნიდან მარჯვნივ მიდის, ხმების სიხშირე კი იცვლება დაბლიდან მაღლა, 30-დან 1000 ჰერცამდე დიაპაზონში. ფოტოს დაბლა ნაწილში გამოსახული ობიექტები დაბალ ნოტებს წარმოქმნის, ზედა ნაწილში გამოსახული კი მაღალს“, — განმარტავს ნასა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიცია თავიდან შესაძლოა შემზარავად მოგეჩვენოთ, მელოდია განსაკუთრებით სასიამოვნო ხდება შუა ნაწილში, როცა ხმა აღწევს გალაქტიკათგროვა RXC J0142.9+4438-ს.

მაშ ასე, დატკბით სამყაროს სრულიად ახალი, ეგზოტიკური ხიბლით.