გურამიშვილის გამზირზე დაშავებულებს შორის ოთხი თვის ჩვილია
გურამიშვილის გამზირზე დაშავებულებს შორის ოთხი თვის ჩვილია

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. როგორც იაშვილის კლინიკაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, გურამიშვილის გამზირიდან მათთან ოთხი თვის ჩვილია შეყვანილი.

მათივე ინფორმაციით, დაზიანებები, რომელთა შორისაც თავის ტრავმაა, ზედაპირულია და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე ბავშვს კვლევები უტარდება.

რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, მე-8 საავადმყოფოში შეყვანილია 56 წლის ქალი, რომელსაც აქვს მრავლობითი მოტეხილობები, მათ შორის სახეზე, შუბლის არეში, ასევე კიდურების მოტეხილობები.

შედარებით მსუბუქადაა დაშავებული 22 წლის ბიჭი, რომელიც ასევე მე-8 საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, კინო „საქართველოსთან“ მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სატვირთო ავტომობილი მაღაზია „სუფთა სახლში“ შევარდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე მეორე ნაწილით მიმდინარეობს.