გიორგი გახარია - დამფუძნებლები არ ღელავენ „სუფთა სახლზე“ ისე, როგორც თქვენ, მათ გაიგეს, რატომ დაიხურა და გაიხსნა „სუფთა სახლი“, ისეთი კამპანია აიწია, რაღაც საინტერესო ეჭვები გამიჩნდა
გიორგი გახარია - დამფუძნებლები არ ღელავენ „სუფთა სახლზე“ ისე, როგორც თქვენ, მათ გაიგეს, რატომ დაიხურა და გაიხსნა „სუფთა სახლი“, ისეთი კამპანია აიწია, რაღაც საინტერესო ეჭვები გამიჩნდა

„სუფთა სახლის“ ხელმძღვანელობა და დამფუძნებლები არ ღელავენ „სუფთა სახლზე“ ისე, როგორც თქვენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის, სერგი კაპანაძის კითხვის პასუხად, რომელიც კომპანიების შერჩევითობისა და „სუფთა სახლის“ მუშაობის შეზღუდვის საკითხს ეხებოდა.

პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაწყებული კამპანია გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

„სუფთა სახლი“ შეიძლება, საერთოდ, მეორე მხრიდან, შერჩევითობის კარგი ქეისი იყოს, რადგან ბევრმა კომპანიამ მიიღო ეს შეზღუდვები და აგიხსნით „სუფთა სახლს“ რატომ უნდა მიეღო და მიიღო კიდეც. „სუფთა სახლის“ ხელმძღვანელობა და დამფუძნებლები არ ღელავენ „სუფთა სახლზე“, ისე როგორც თქვენ, რადგან მათ გაიგეს, რატომ მოხდა „სუფთა სახლის“ დახურვა მაშინ და რატომ გაიხსნა შემდეგ. ისეთი კამპანია აიწია ამ „სუფთა სახლზე“, რომ რაღაც საინტერესო ეჭვები გამიჩნდა“, – განაცხადა პრემიერმა.

ოპოზიციის წარმომადგენლის კითხვაზე, არის თუ არა დათვლილი კომპანიის ზიანი, გიორგი გახარიას თქმით, „სუფთა სახლს“ ჰყავს ხელმძღვანელობა და ისინი დათვლიან ზარალს.

„მე რატომ უნდა დავთვალო? „სუფთა სახლს“ დამფუძნებლები ჰყავს, დირექტორი და ფინანსური დირექტორიც, მან დათვალოს, თუ უნდა, მერე მიჩივლოს კიდევ. როდესაც შიდა გავრცელების სერიოზული ტემპი წავიდა, 50 ქეისი იყო, 50-მდე მივედით. რომ შევაფასეთ ჯანდაცვის სისტემისა და მენეჯმენტის, პროცესების მართვის ხარისხი, მივხვდით, რომ გერმანიის მოდელზე ვერ წავიდოდით. ამიტომ წავედით მსხვილი ბლოკების მკვეთრად მობილობის დაგდებით. ამიტომ იყო საზღვარი, ტრანსპორტი, სკოლა და კიდევ ბევრი რაღაც. ყველაზე მძიმე მომენტში იყო „სუფთა სახლი“, ჯერ მუშაობდა, არ იყო დაკეტილი, შემდეგ მძიმე მომენტში მოხდა ეს და რატომ – ადამიანი, მაგალითად, ჩემი მშობლები სახლიდან რომ გამოდიან, ელემენტარული პური იყიდონ, კვერცხი ან რძის პროდუქტი, ასეთი არჩევანი აქვთ: ერთი მაღაზია სასურსათო, მეორე მაღაზია, მესამე, მეოთხე, მათ შორის „სუფთა სახლიც“. „სუფთა სახლის“ ნომენკლატურა ადამიანს მარტივად შეუძლია, იყიდოს ყველა იმ დანარჩენ სასურსათო მაღაზიაში. „სუფთა სახლი“ მართლა კარგად მომუშავე კომპანიაა, იდეალურად დალაგებული პროცესები ჰქონდათ, მაგრამ აქვთ შეზღუდული ნომენკლატურა და მუშაობენ ძირითადად შეღავათიან, დისკონტირებულ ფასზე კონკრეტული მიმართულების ნომენკლატურით“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, „სუფთა სახლი“ დაიხურა ორი კვირით, მობილობის შემცირების მიზნით და სხვა არაფრის გამო.

„მერწმუნეთ, ადამიანები, ვინც უნდა ღელავდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ერთი ორგანიზაციის ფინანსურ ბედზე, მათ ეს ყველაფერი გაიგეს. მე არ ვამბობ, რომ იდეალურ სამყაროში ვცხოვრობთ და რაღაც ხარვეზები არ იყო, შეიძლება იყო, მაგრამ ეს „სუფთა სახლი“ აქციეთ რაღაც დროშად, აფრიალებთ ამ დროშას უკვე ერთი თვეა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.