ივანე ჩხაიძე - რეკომენდაციები, რომელიც მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, მუშაობს გრიპის ვირუსის წინააღმდეგაც
ივანე ჩხაიძე - რეკომენდაციები, რომელიც მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, მუშაობს გრიპის ვირუსის წინააღმდეგაც

რეკომენდაციები, რომელიც მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, ადეკვატურად მუშაობს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდაც, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ რეკომენდაციების დაცვამ განაპირობა გრიპის შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა.

„დღეს დაფიქსირებული პირველი შემთხვევა, რაც მიუთითებს, რომ პირველი გამოვლენის ვადამაც გადაიწია. წინა წლებში ეს იყო ნოემბერი, წელს ეს არის დეკემბერი. ველოდებით შემთხვევების მატებას. პიკი არის დეკემბრის ბოლო ორი კვირა, იანვრის პირველი ორი კვირა. თუმცა წელს ის სურათი, რაც იაშვილის კლინიკაში გვაქვს, მიუთითებს, რომ ეს შემთხვევები მკვეთრად ნაკლებია. მაგრამ დეკემბერში ჩვენ მივიღებთ „ა“ და „ბე“ ტიპის შემთხვევების მატებას. კლინიკური განსხვავება „ბე“ ტიპის ვირუსსა და კორონავირუსს შორის პრაქტიკულად შეუძლებელია. ის, რაც ახასიათებს გრიპს, ახასიათებს კორონავირუსსაც. უმნიშვნელო განსხვავება შეიძლება იყოს ნაწლავთა მოქმედების გახშირება, მუცლის ტკივილი, ღებინება, რომელიცკორონა ვირუსს ახასიათებს და მეორე, გემოსა და ყნოსვის დაკარგვა. ეს ახასიათებს სხვა ვირუსებს, არა ისეთი სიხშირით, როგორც კორონავირუსს. გრიპის დროს დაავადება იწყება უეცრად, თავიდანვე მაღალი ტემპერატურით, კორონავირუსს ახასიათებს საშუალოდ ერთკვირიანი პერიოდი, როცა მიმდინარეობს მსუბუქად, ტემპერატურაც დაბალია, აღინიშნება გრიპის მსგავსი სიმპტომატიკა და შემდგომ შესაძლებელია, მე-7-მე-10 დღეს, ვითარება მკვეთრად შეიცვალოს“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

მისივე თქმით, მოსახლეობისთვის ახლა, როცა სეზონური გრიპიც დაფიქსირდა, წარმოუდგენელი იქნება გრიპი და კორონავირუსი განასხვავოს.

ამასთან, მან ისაუბრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ გეგმებზე.

„რაც შეეხება ვაქცინას, საქართველომ უკვე გააკეთა განაცხადი და ჩვენ ველოდებით მილიონ ოთხასი ათას დოზა ვაქცინას, რაც პირველ ეტაპზე საკმარისი იქნება 700 000 ადამიანისთვის, ვინაიდან იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს არის შექმნილი და დღეს არის ნებადართული, ყველას აქვს ორი დოზის შეყვანის აუცილებლობა. გუშინ გვქონდა შეხვედრა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, სადაც ვიმსჯელეთ პრიორიტეტულ ჯგუფებზე, ვისთან უნდა ჩატარდეს ეს ვაქცინაცია. ჩვენ იმედი გვაქვს, ეს 700 000 კაცზე ჩატარებული ვაქცინაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სავალდებულო არ იქნება, თუმცა იქნება სამიზნე. მაგალითად ექიმებისთვის განსაზღვრულია, რომ სულ მცირე 80%-მა უნდა გაიკეთოს ეს ვაქცინა. ასევე გვაქვს პრიორიტეტული ჯგუფები – ხანში შესულები, ქრონიკული დაავადებულები და ა.შ. ეს პრიორიტეტები განისაზღვრება უახლოეს დღეებში“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.