პიროტექნიკის გამოყენების შედეგად იაშვილის კლინიკაში ექვსი პაციენტი მოხვდა, მათგან რამდენიმეს შედარებით მძიმე დაზიანება აღენიშნება
პიროტექნიკის გამოყენების შედეგად იაშვილის კლინიკაში ექვსი პაციენტი მოხვდა, მათგან რამდენიმეს შედარებით მძიმე დაზიანება აღენიშნება

იაშვილის კლინიკის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური სამსახურის უფროსის, პროფესორ ბიძინა კანაშვილის განცხადებით, იაშვილის კლინიკას ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით ექვსმა პაციენტმა მიმართა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აქვს 10 წლის გოგონას, რომელსაც ორივე მტევნის კომბინირებული დაზიანება აღენიშნება.

„დაზიანება მოიცავს მტევნის დამწვრობას, მყესებისა და კუნთების გაგლეჯას, ასევე სხვადასხვა ძვლის მრავლობით მოტეხილობებსა და რამდენიმე თითის ამპუტაციაც მოხდა პიროტექნიკის აფეთქების მომენტშივე. შესაბამისად, მტევნის მთლიანობის სრული აღდგენა შეუძლებელი იყო. მსგავსი დაზიანებები იყო მარცხენა მტევანზე 10 წლის სხვა პაციენტის შემთხვევაშიც. ყველაზე პატარა პაციენტი არის შვიდი წლის“, – განაცხადა ბიძინა კანაშვილმა.

ბიძინა კანაშვილის განმარტებით, ამჟამად კლინიკაში ოთხი პაციენტი რჩება, რომელთაგან ერთი სავარაუდოდ დღეს გაეწერება ბინაზე, ამბულატორიული მეთვალყურების ქვეშ, დანარჩენ სამს კი, კლინიკაში გრძელვადიანი მეთვალყურეობა დასჭირდება.

„მართალია, აიკრძალა არასრულწლოვნებზე გაყიდვა, მაგრამ გაჩნდა შუალედური დამნაშავე რგოლი. ამბობენ, რომ მამამ, ბებიამ მომიტანა და ასე შემდეგ. არასრულწლოვნებზე გაყიდვის აკრძალვით არაფერი შეიცვალა მნიშვნელოვნად, უბრალოდ, იმ სრულწლოვნებზე გადავიდა დამატებით დანაშაული, ვინც ბავშვს გადასცა მაშხალა სასროლად. ჩემი პოზიცია უცვლელია, უნდა აიკრძალოს პიროტექნიკის გაყიდვა მოსახლეობაზე, ვინაიდან ყოველ ახალ წელს ათეულობით ბავშვი რჩება მტევნის მნიშვნელოვანი დეფექტით. მტევანი კი ადამიანისთვის სხეულის ყველაზე ფუნქციური ნაწილია. როდესაც ამ რაოდენობის ასაფეთქებელი ფეთქედბა, ვინ არის იმაზე პასუხისმგებელი, რომ თუნდა 50 ათასი ასაფეთქებლიდან ერთს არ ექნება ქარხნული წუნი“, – განაცხადა ბიძინა კანაშვილმა.

როგორც ცნობილია, საერთო ჯამში, ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 30 შემთხვევა დაფიქსირდა.