ექიმის განცხადებით, ახალციხეში დაშავებული რვა წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
ექიმის განცხადებით, ახალციხეში დაშავებული რვა წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ახალციხეში ბაიკერთა რბოლის დროს დაშავებული რვა წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმმა, გიორგი არაბიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დაშავებულ ბავშვს ქალა-ფუძისა და ბარძაყის მოტეხილობა აღენიშნება.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდი ამ დროისთვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. აქვს ქალა-ფუძის მოტეხილობები, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. რაიმე ქირურგიულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეანიმაციულ განყოფილებაში ვიტალური ფუნქციების უწყვეტი მონიტორინგი. დიდი ალბათობა არსებობს, რომ გართულდეს პაციენტის მდგომარეობა. სხვადასხვა სისტემების პათოლოგიები შეიძლება გამოვლინდეს მიღებული ტრავმული დაზიანებების გამო. პროგნოზების გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“,- განაცხადა ექიმმა.

დაშავებული ბავშვის მამის მეგობარი მომხდარის დეტალებს ყვება.

„ჩემი მეგობრის შვილია. ბავშვი მამასთან ერთად იმყოფებოდა. მამას ხელი გაეშვა და უცებ, მამაც ვერ შენიშვნა, ისე დაეჯახა ბაიკერი, წამებში განვითარდა ყველაფერი. დააკავეს თუ არა ის, ვინც დაეხაჯა, არ ვიცით. ახლა მთავარია, ბავშვი გადარჩეს. თავში აქვს მძიმე დაზიანება“,- განაცხადა დაშავებულის მამის მეგობარმა, პაატა გვირჯიშვილმა.

​ახალციხეში მოზარდს მოტოციკლი გუშინ დაეჯახა. შემთხვევა ბაიკერთა რბოლის დროს მოხდა. შსს-მ მომხდარზე ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.