გურამ მაჭარაშვილი - რჩება რისკები, რომ 2024 წელს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობებში კოალიციის შექმნა ვერ მოხდეს
გურამ მაჭარაშვილი - რჩება რისკები, რომ 2024 წელს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობებში კოალიციის შექმნა ვერ მოხდეს

რა თქმა უნდა, რჩება რისკები, რომ 2024 წელს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობებში კოალიციის შექმნა ვერ მოხდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„თუმცა, მე და ჩემს კოლეგებს, ვინც საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ეს სისტემა 2024 წლიდან ამოქმედებულიყო, გვქონდა და ამ ეტაპზეც ჯერ გვაქვს იმედი, რომ პოლიტიკური სპექტრი ნელ-ნელა იმ დონემდე განვითარდება, რომ ისინი კოალიციის შექმნის დროს და მინისტრთა პორტფელების გადანაწილებისას არა მხოლოდ სუბიექტურ მოსაზრებას გაითავისებენ, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამოვლენ და კოალიციის შექმნას შეძლებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამ განცხადებით გურამ მაჭარაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არსებობს თუ არა რისკი, რომ უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხსაც გადახედოს, რადგან როგორც მმართველი პარტია აცხადებს, აღნიშნული სისტემის პირობებში არსებობს იმის რისკი, რომ მთავრობის დასამტკიცებლად კოალიცია ვერ შედგეს.

შეკითხვაზე, რამდენად მართებულია ის, რომ ამ რისკის თავიდან აცილების მიზნით საზოგადოებას არ მივცეთ იმის შესაძლებლობა, საკუთარი მთავრობა არსებული განწყობების პროპორციულად აირჩიოს, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში მაქსიმალური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ყველა სისტემის პირობებშია შესაძლებელი.

„ეს შესაძლებელია როგორც პროპორციულ სისტემაში, სადაც მოქალაქეები პარტიას აძლევენ ხმას, ისე მაჟორიტარულ სისტემაში, სადაც პიროვნებას ირჩევენ; აქ, მაინც პიროვნებას აძლევენ ხმას, იმის მიუხედავად, ის დამოუკიდებელია, თუ პარტიამ წარადგინა. არ მგონია, რომ როდესაც ადამიანი პიროვნებას ირჩევს, იქ ნაკლები დემოკრატიულობის ხარისხი იყოს, ვიდრე იქ, როდესაც პარტიას ირჩევს, სადაც შეიძლება, სიაში მისთვის ცნობილი ერთი-ორი ადამიანი დაინახოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ვერ ხედავს ვერანაირ რისკს, რომ შერეულ სისტემაში მოქალაქის უფლება დაირღვეს.

„თუ მე არ მინდა, რომ მაგალითად, „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში იყოს, ან პარტიას არ შემოვხაზავ, ან მის მიერ დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატს. შერეული სისტემით მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, მაჟორიტარის არჩევის შემთხვევაში ვინც უნდა, ის შემოხაზოს და ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოში მისი პირადი წარმომადგენელი ჰყავდეს და ასევე აქვს უფლება, პროპორციული სიით მისთვის სასურველი პარტია შემოხაზოს. სად ვხედავთ იმის რისკს, რომ შეიძლება, აქ მოქალაქის უფლება დაირღვეს?!“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ის ფაქტიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სრულად პროპორციული სისტემის პირობებში მოქალაქე კარგავს უფლებას, აირჩიოს პირი, რომელიც პარტიებისგან დამოუკიდებლად იყრის კენჭს.