ზურაბ ჯაფარიძე - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ბევრი ინოვაციური მიდგომაა, მათ შორის ოპოზიციის შეთავაზებული, მაგრამ პროცესში წინსვლა არ არის
ზურაბ ჯაფარიძე - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ბევრი ინოვაციური მიდგომაა, მათ შორის ოპოზიციის შეთავაზებული, მაგრამ პროცესში წინსვლა არ არის

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ბევრი ინოვაციური მიდგომაა, მათ შორის, ჩვენი, ოპოზიციის შეთავაზებული, მაგრამ პროცესი წინ წასული არ არის იმ თვალსაზრისით, რომ ეს რაღაცები კანონპროექტში არ არის ჩაწერილი, -ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით წინსვლა საერთოდ არ არის.

„შარლ მიშელის დოკუმენტის რა პუნქტებსაც შევეხეთ, ყველგან პრობლემებია „ქართული ოცნების” მხრიდან. პროცესი ცუდად მიმდინარეობს. როცა ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ამნისტიის საკითხი დადგა, მათ დაიწყეს დოკუმენტის წაკითხვა ისე, თითქოს, ეს ჩანაწერი მიშელის დოკუმენტში იყო, რომელსაც სათაურად აწერია, რომ უნდა შეეხოს საქმეებს, რომელიც აღქმულია პოლიტიზებულად. უცებ, ეს გადათარგმნეს ისე, რომ ყველას უნდა შეეხოს, რაზეც შეთანხმება არ ყოფილა არც წერილობით და არც – ზეპირად.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ბევრი ინოვაციური მიდგომაა, მათ შორის, ჩვენი, ოპოზიციის შეთავაზებული, მაგრამ პროცესი წინ წასული არ არის იმ თვალსაზრისით, რომ ეს რაღაცები კანონპროექტში არ არის ჩაწერილი. იქიდან არის ერთგვარი რეზისტენტობა, მუდმივად არის კითხვები – ეს რთულია, ამას ფული დასჭირდება; ეს დროში ვერ მოესწრება და ა.შ. რაც შეეხება მართლმსაჯულების ნაწილს, იქ დაძრული საერთოდ არაფერია, მოსამართლეთა კონფერენციას აარჩევინეს ოთხი წევრი იუსტიციის საბჭოში, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ კლანმა გაიდგა ფესვები, რაც პრობლემაა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.