გუდაურში ექსპერტები საბაგირო „საძელეს“ სადგურის ტექნიკურ მდგომარეობას სწავლობენ
გუდაურში ფრანგული კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტების განცხადებით, სამუშაო შეხვედრის შემდეგ, ისინი გეგმავენ ავარიულად გაჩერებული საბაგირო „საძელეს“ სადგურის მონახულებას, ინციდენტის ადგილის უშუალო დათვალიერებას, მისი მექანიკურ-ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე, ექსპერტები უშუალოდ საბაგიროს დოკუმენტაციას შეისწავლიან.
ფრანგული საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები გუდაურში დღეს დილით ავიდნენ. მათ უკვე ჰქონდათ შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველ პირებთან, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად.
„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები 16 მარტს, გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების შესასწავლად არიან ჩამოსული.