გრიგოლ გეგელია - მთაწმინდელებს ვპირდები პარლამენტარს, მოქალაქეს და ადამიანს, რომელიც მათ გვერდით იქნება
მთაწმინდელებს ვპირდები პარლამენტარს, მოქალაქეს და ადამიანს, რომელიც ნამდვილად მათი ხმოსანი იქნება, – ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გრიგოლ გეგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მე მათ პირველ რიგში, ვპირდები პარლამენტარს, მოქალაქეს და ადამიანს, რომელიც მთაწმინდელების გვერდით იქნება არა ოთხ წელიწადში ერთხელ და წელიწადში ერთხელ, როგორც დღევანდელი პოლიტიკური კლასია ხოლმე, არამედ ყოველკვირა, ყოველთვე, მთელი წლის განმავლობაში და მერე, იმედია, მრავალი წლის განმავლობაშიც ვიქნები მათ გვერდით და ყველაზე მთავარ პრობლემებზე ვიმუშავებ“, – განაცხადა გეგელიამ.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, ის ყველაზე მთავარ პრობლემებს გაახმოვანებს ეროვნულ პოლიტიკაში და რაც მთავარია, ნამდვილად იმუშავებს იმ დღის წესრიგზე, რომელიც თანამედროვე ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა მთლიანად მიივიწყა.
„მათ შორის არის, რა თქმა უნდა, შრომის უფლებები, რომელზეც მე და ჩემი გუნდი არა მხოლოდ ახლა, არამედ მრავალი წელია ვმუშაობთ, ვხმაურობთ და ვითხოვთ, რაღაც შეიცვალოს, მაგრამ არაფერი შეცვლილა არც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და არც „ქართული ოცნების“ დროს. მათი ეკონომიკური და პოლიტიკური ლოგიკა ფაქტიურად, იდენტურია და იქ ვერანაირ დიდ განსხვავებას ვერ მოვნახავთ“, – განაცხადა გეგელიამ.
მისი თქმით, დღემდე, ქვეყანაში არის საარსებო მინიმუმი, რომელიც 2003 წლის მაისის მდგომარეობით განისაზღვრება და თექვსმეტი წლის წინანდელი კალათით დგინდება, თუ რა არის დღეს თანამედროვე ქართველის საარსებო მინიმუმი, რაც ანომალიაა.
გეგელიამ ასევე განაცხადა, რომ მშრომელთა უფლებების განხილვის დროს საქართველოს პარლამენტის დარბაზი ცარიელია ხოლმე და ამაზე თავს არ იტკიებს არც „ქართული ოცნება“, არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც სხვა პოლიტიკური ძალები.
მისივე თქმით, პოლიტიკურ კლასს არ ადარდებს ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა შიმშილი და სიღარიბე, რაც დაუსაქმებლობიდან მოდის, დაუსაქმებლობას კი, თავისი ძალიან კონკრეტული საფუძველი აქვს.
„მაგალითად, ამ ქვეყანაში მოსპეს ინდუსტრია, წარმოება, მრეწველობა და დღეს გვეუბნებიან, რომ კაფე-ბარების ინდუსტრია გადაარჩენს ქვეყანას და რომ ბიზნესის მარტივად კეთების რაღაც ბუნდოვან რეიტინგებში კარგი ადგილის ფლობა ყოფილა ამ ქვეყნის განვითარების საწინდარი, რაც აბსოლუტური აბსურდია, რადგან მდიდრდება ტოპ სამი პროცენტი, დანარჩენის შემოსავლები კი დაახლოებით, იგივე რჩება, ან უარესდება“, – განაცხადა გეგელიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად საკმარისია ამ პრობლემების გადასაჭრელად ერთი მაჟორიტარის რესურსი და დარჩენილი თექვსმეტი თვე, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ერთი მაჟორიტარი და მხოლოდ თექვსმეტი თვე ამისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ მთავარი ამ წრიულობის გარღვევაა.