გონიოს ციხეში რომაული ფესტივალი გაიხსნა. ტერიტორიაზე გაცოცხლდა ძველი რომის ის ეპოქა, როდესაც გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრე აშენდა.
ტერიტორიაზე მოეწყო რომაული ბანაკი, გამოიფინა იმდროინდელი საბრძოლო და საყოფაცხოვრებო იარაღების ასლები. ძველი რომის გარემო შექმნეს ძველ რომაულ ტანისამოსში გამოწყობილმა მსახიობებმა.
ქართული საბრძოლო ხელოვნების სპორტსმენებმა წარმოადგინეს გლადიატორების ორთაბრძოლები.
ფესტივალის ორგანიზატორია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.
„უკვე მესამე წელია, ტარდება რომაული ფესტივალი, ყოველ წელიწადს ვცდილობთ შევიტანოთ ახალი სანახაობითი ელემენტები. ფესტივალისთვის სულ რაღაც 25 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა მას დიდი ეფექტი აქვს გონიოს მუზეუმში ტურისტების მოზიდვისა და შესაბამისად მისი შემოსავლების გაზრდის კუთხით“, – განაცხადა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა.
ფესტივალის ფარგლებში ეწყობა ასპარეზობები ქართულ ჭიდაობაში, ცხენოსნობასა და მშვილდოსნობაში. ფესტივალი გონიოს ციხეში ორ დღეს გაგრძელდება.