ახალგაზრდა საბანაძე გამოცდილი გოგიტიძის ნაცვლად - ელიგის ყოფილმა თადამსხმელმა „გონიო“ ჩაიბარა #1TVSPORT
ახალგაზრდა საბანაძე გამოცდილი გოგიტიძის ნაცვლად - ელიგის ყოფილმა თადამსხმელმა „გონიო“ ჩაიბარა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „გონიოში“ სამწვრთნელო ცვლილება მოხდა – გუნდი გამოცდილმა ამირან გოგიტიძემ დატოვა, რომელიც ახლო წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, ნიკა საბანაძემ შეცვალა.

კლუბის პრეზიდენტმა სეზონის დაწყებამდე ეროვნული ლიგის მოთამაშეები დაიმატა და მიზნად ლიგა 3-ში დაწინაურება და საქართველოს თასის ფინალში გასვლა გამოაცხადა, მაგრამ თასის 1/16-ფინალში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა „ბეთლემთან“, რომელთან ერთადაც ლიგა 4-ში 39-39 ქულით ლიდერობს. გოგოტიძის წასვლის ოფიციალურ მიზეზად ურთიერთშეთანხმება დასახელდა.

ამირან გოგიტიძეს „გონიოში“ ნიკა საბანაძე ჩაანაცვლებს, – ინფორმაციას კლუბის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„შეთანხმება მიღწეულია. ერთად დიდი გზა გვაქვს გასავლელი, წინ ბევრი წარმატება გველოდება. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება ნიკოლოზ საბანაძე. ჩვენ სიახლეებით და ახალი სახეებით გიბრუნდებით“, – წერია „გონიოს“ განცხადებაში.

ნიკოლოზ საბანაძემ კარიერა „ზესტაფონში“ დაიწყო, უთამაშია ქუთაისის „ტორპედოში“, „დინამო თბილისში“, მარტვილის „მერანში“, „სამტრედიაში“, „საბურთალოში“, ბათუმის „დინამოში“. იყო ეროვნული ნაკრების კანდიდატი. თუმცა, ქრონიკული ტრავმების გამო, იძულებული გახდა, კარიერა დაესრულებინა და სამწვრთნელო ლიცენზირების კურსების მსმენელი გახდა. მუშაობდა „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ ასაკობრივ გუნდებში. საბანაძე 32 წლისაა და ქართულ კლუბებში დასაქმებული ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი იქნება.