„გონიომ“ თურქეთში შეკრება დაიწყო - პრეზიდენტის მიზანი წელსაც ლიგაში გამარჯვებაა #1TVSPORT
„გონიომ“ თურქეთში შეკრება დაიწყო - პრეზიდენტის მიზანი წელსაც ლიგაში გამარჯვებაა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „გონიო“ ახალი სეზონისთვის ემზადება. ლევან ჯოხაძის ხელმძღვანელობით გუნდი 30 იანვარს შეიკრიბა და თურქეთის ქალაქ არჰავში გაემგზავრა, სადაც საწვრთნელი შეკრება დაიწყო.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, თურქულ შეკრებაზე ადგილობრივ გუნდებთან ამხანაგური მატჩების ჩატარება დაიგეგმება. ამავე დროს, კლუბი ახალი მოთამაშეების დამატებას აგრძელებს.

საფეხბურთო კლუბ „გონიოს” ახალწვეული ტატო აბუსელიძე გახდა. 2023 წლის ლიგა 4-ის გათამაშების ბომბარდირი, რომელსაც ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოსა“ და ქობულეთის „შუქურაში“ თამაშის გამოცდილება აქვს.

ასევე დაიმატეს ეროვნული ლიგა 2-ის გუნდის, ხობის „კოლხეთის“ მოთამაშე ნიკა ხარაბაძე. კლუბის ცნობით, „გონიოს“ ადმინისტრაცია ასრულებს მოლაპარაკებას ახალგაზრდა ბრაზილიელ ფეხბურთელთან. კლუბის პრეზიდენტის, დავით დოლიძის თქმით, თურქულ შეკრებაზე „გონიოსთან“ ერთადაა „საბურთალოს“ თავდამსხმელი გიორგი ომარაშვილი.

შეკრებაზე „გონიოს“ პრეზიდენტი დავით დოლიძე „არჰავი სპორის“ ხელმძღვანელობას შეხვდა, რომლის ბაზაზეც გუნდის შეკრება მიმდინარეობს და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„თურქეთში საუკეთესო პირობებში ვემზადებით, რის გამოც „არჰავი სპორის“ ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი. გუნდი სერიოზულად ემზადება, ჩვენი მიზანი წელსაც ლიგაში გამარჯვება და ლიგა 2-ში გადასვლაა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „გონიოს“ პრეზიდენტმა.