გოჩა ლორთქიფანიძე - ჩვენს მხარეს არის არამარტო სიმართლე, არამედ მყარი მტკიცებულებები
გოჩა ლორთქიფანიძე - ჩვენს მხარეს არის არამარტო სიმართლე, არამედ მყარი მტკიცებულებები

ჩვენს მხარეს არის არამარტო სიმართლე, არამედ მტკიცებულებები, რომლებიც არის მყარი, – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა გოჩა ლორთქიფანიძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს საქმეზე ბოლო ღია მოსმენის წინ გააკეთა.

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – საქმე ნომერი ორი“ – აგვისტოს ომიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილების მიღებამდე მომჩივან და მოპასუხე მხარეებს დღეს ბოლოჯერ მოუსმენს.

ქართულ მხარეს 700-ზე მეტი მტკიცებულება აქვს წარდგენილი, მათ შორის ფოტო და ვიდეომასალები, რადარებისა და სეისმოლოგიური სადგურების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ოკუპანტი სახელმწიფო, როგორც აქტიური საბრძოლო მოქმედებებისას, ისე შემდგომაც აგრძელებდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მათ შორის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე იერიშებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებოდნენ.

„ერთობლიობაში იმ მტკიცებულებებთან ერთად არის სარადარო დინამიური მონაცემები, რომლებიც მიუთითებს და ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებს ჰქონდათ აბსოლუტური კონტროლი საქართველოს საჰაერო სივრცეში“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

გარდა ამისა, საქმეში ასობით მოწმის ჩვენება დევს. 33 მოწმე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავად გამოკითხა, მათ შორის 16 მოწმე სასამართლოს ქართულმა მხარემ წარუდგინა, 10 რუსეთს ფედერაციამ, შვიდის გამოძახების გადაწყვეტილება კი სასამართლომ თავად მიიღო.

„ერთობლიობაში ყველაფერი ეს გვაძლევს საფუძველს, იმედი გვქონდეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კვლავაც დაადასტურებს მართლმსაჯულების არბიტრის როლს ევროპული საჯარო წესრიგის ფარგლებში, როგორც მან არაერთხელ გააკეთა“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ზემოთ ხსენებულ მტკიცებულებებს საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელი ადვოკატები სასამართლოს დღევანდელ მოსმენაზე წარუდგენენ, რომელიც თბილისის დროით დილის 11:00 საათზეა ჩანიშნული.

პირველი არხის გადამღები ჯგუფი სტრასბურგში იმყოფება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან უახლეს ინფორმაციას მოგაწვდით.