გოჩა ლორთქიფანიძე - საკანონმდებლო მიმართულებით ერთ-ერთი პრიორიტეტი სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება იქნება
გოჩა ლორთქიფანიძე - საკანონმდებლო მიმართულებით ერთ-ერთი პრიორიტეტი სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება იქნება

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

გოჩა ლორთქიფანიძემ ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, მათ შორის, სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.

„2020 წლიდან უკვე ამოქმედდა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონი „მედიაციის შესახებ“, რომელიც უზრუნველყოფს მედიაციის განვითარებას და მორიგების გზით დავების გადაწყვეტას. მედიაციის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარების მიზნით, შემდეგი კვირიდან პარლამენტში დაიწყება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი ე.წ. სინგაპურის კონვენციისა და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომელიც უზრუნველყოფს სამედიაციო მორიგებების სხვა სახელმწიფოებში ცნობასა და აღსრულებას“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე განმარტებით, აგრეთვე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონმდებლობის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე.

„ამ საკითხებზე ჩვენ ჩამოგვიყალიბდა პროფილურ კომიტეტებთან ძალიან კარგი თანამშრომლობის პრაქტიკა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და აღსრულების ახალი კოდექსის პროექტებს პარლამენტში უკვე ბატონი მიხეილ სარჯველაძე გაუძღვება და მიიყვანს ბოლომდე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა.