გოჩა ლორთქიფანიძე - სახელმწიფო მმართველობისა და ინსტიტუტების გასაძლიერებლად იუსტიციის სამინისტრო გეგმავს სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას, პენიტენციური სისტემის რეფორმის გაგრძელებას
გოჩა ლორთქიფანიძე - სახელმწიფო მმართველობისა და ინსტიტუტების გასაძლიერებლად იუსტიციის სამინისტრო გეგმავს სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას, პენიტენციური სისტემის რეფორმის გაგრძელებას

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა გოჩა ლორთქიფანიძემ ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვისას უწყების პრიორიტეტებზე ისაუბრა, მათ შორის, სახელმწიფო მმართველობის გაძლიერებისა და ინსტიტუციური დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებებით.

„ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, რათა სახელმწიფო სერვისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი, რეგიონში მცხოვრები პირებისთვის. გაიზრდება იმ სერვისების რიცხვი, რომელთა მიღება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი. პრიორიტეტული გახდება ელექტრონული სერვისების მიმართულება. ჩვენ ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებსაც წარმოგიდგენთ, რათა კიდევ უფრო მეტად მოიხსნას სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის დროს არსებული ბარიერები და შეიქმნას ყველა სერვისის ერთიანად მიღებისთვის აუცილებელი სამართლებრივი ჩარჩო“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა პენიტენციური სისტემის რეფორმაზეც. მისი თქმით, ადამიანის უფლებების ორიენტირებული მიდგომა კვლავ რჩება ძირითად პრინციპად. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გოჩა ლორთქიფანიძის განმარტებით, პრიორიტეტი იქნება „მცირე ზომის (600-700 მსჯავრდებულზე გათვლილი) დახურული ტიპის, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, რომლებიც რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის შესაბამის პირობებს შექმნის“. ლორთქიფანიძის განმარტებით, საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

„შეიქმნება საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებები, სადაც ერთი და იმავე სასწავლო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწლოვანი თავსდება და ოჯახურ გარემოში ცხოვრობს გათავისუფლებამდე“, – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, პატიმართა რესოციალიზაციის მიზნით გაფართოვდება მათთვის შეთავაზებული დასაქმების პროგრამები, გაძლიერდება საგანმანათლებლო კომპონენტიც.

დატოვე კომენტარი