გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა
არც აქამდე მქონია პრეტენზია და გავრცელდეს მათზე ამნისტია, წინააღმდეგი არ ვარ, – გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ამ პოზიციის შემდეგ, მასზე ძალადობაში ბრალდებულებს – საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს ამნისტია შეეხოთ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.
დაზარალებული ჩიქოვანის პოზიციის შემდეგ, ბრალდებულების ამნისტიით გათავისუფლებას დაეთანხმა საქმის პროკურორიც.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ კი, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოცხადების დროს განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან ერთად, ბრალდებულებს დაუბრუნდეთ გირაოს თანხები, რის საფუძველზეც პატიმრობიდან გასული წლის 11 იანვარს გათავისუფლდნენ.
საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან მალევე დააკავეს და გასული წლის 11 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ ბრალი აგარაკის ეპიზოდზე სსსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით ედებოდათ. ამ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ძალადობას და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ბოლო ამნისტია შეეხო.