გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის მიმართ დღეს შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს
გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულების საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ დღეს შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს.
საუბარია საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, კერძოდ, აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაზე, რომლის საფუძველზეც შაქარაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ვახტანგ ჩიქოვანი დაზარალებულად არის ცნობილი და მასზე ძალადობის ბრალი წარდგენილი აქვთ გოგშელიძეს, წაქაძეს და ჩხარტიშვილს.
როგორც ჩხარტიშვილმა საქართველოს პირველ არხს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე იგეგმება დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის დაკითხვა, რომელმაც უნდა დააფიქსიროს პოზიცია, ეთანხმება თუ არა, რომ ბრალდებულებს ამნისტია შეეხოთ.
ადვოკატის ინფორმაციით, მისთვის ცნობილია ჩიქოვანის წერილობითი პოზიცია, რომ ამაზე თანახმაა და თუ კი დღევანდელ სხდომაზეც დააფიქსირებს აღნიშნულ პოზიციას, სამივე ბრალდებული გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.
საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან მალევე დააკავეს და გასული წლის 11 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ ბრალი აგარაკის ეპიზოდზე სსსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით ედებათ. ამ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ძალადობას და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ბოლო ამნისტია შეეხო.
დღევანდელი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაწილობრივ დისტანციურად მიმდინარეობს. დისტანციურად იკითხება ვახტანგ ჩიქოვანი.